Monday, September 10, 2012

კულონი

აი ჩემი პატარა გული იმდენს იტევს, რომ წარმოდგენა ჭირს.
სულ, სულ პატარაა, მაგრამ შიგნით უსაზღვროებას იტევს.
გადავწყვიტე გამეტეხა და მენახა შიგნით ის იყო რაც მე მეგონა, თუ არა.
რომ გამეტეხა, ამოიფრქვეოდა ვარდისფერი მტვერი, მთელი თავისი თავისებურებებით.
სიყვარულის სპეციფიკური სუნი რომ ასდის. აი ისეთი, გულის ფორმებს რომ ცვლის, გიკუმშავს და სუნთქვას გიკრავს. მოუნდება გაბატონდეს შენზე, თავი ჩაგახრევინოს და გაგხადოს ისეთი, როგორიც თვითონ სურს რომ იყო.
სუნთქვას შეიკავებ რომ მტვრის სურნელი არ გაგეკაროს, ოხერი პატარა ნაწილაკები, შემოიპარებიან ცხვირის ნესტოებში და ფრთებს გაშლიან მთელს შენს სხეულში- თავბრუს ხვევიდან, ფეხის გულების ღიტინამდე. გაინავარდებენ ფილტვებში, მუცლის ღრუში და გულ-მკერდის არეში დაილექება.

 მთელს სხეულს დაეპატრონება და ვერაფერს მოუხერხებ.
ჩუმადაა და გაგრძნობინებს, რომ ვეღარსად წახვალ, მისი ხარ მთელი სხეულით. გაგშორდება სული, გაფრინდება შენგან შორს. 

ხდები სხეულის მონა.
ხედავ და გრძნობ, როგორ კარგავ  საკუთარ მეს.
კარგავ დროისა და ადგილის შეგრძნებას, ხარ გაბრუებული და ვეღარც კანკალებ და ვეღარც ინძრევი. გიჭირს მოძრაობა, გიჭირს ფიქრი, გიჭირს ხედვა, გიჭირს სმენა.
ხდები უგრძნობი.
ვერ გრძნობ შეხებას, ბუჯდები და შეშდები.
ნაწილაკები მუშაობენ შენში, ფუსფუსებენ.
გამოსავალი რაში შეიძლება იყოს?
როგორ დავაბრუნო ვარდისფერი მტვერი ისევ გულში და დავკეტო?
ნუთუ სიცოცხლე უნდა დავთმო იმისათვის, რომ ერთი ციცქნა გული გავამრთელო?
ნელ-ნელა ფეხები მეკვეთება, თავის შეკავებას ვერ ვახერხებ და ვიკეცები.


ვინმეს გქონიათ ასეთი შეგრძნება?
არც მე.

თავს აქეთ- იქეთ ვაქნევ და ვხედავ ვდგავარ ფანჯარასთან, ხელში პატარა გულის ფორმის კულონი მიჭირავს და ვგრძნობ როგორ ასდის მამაკაცის სურნელი.
მე მეღიმება.