Showing posts with label სიყვარული. Show all posts
Showing posts with label სიყვარული. Show all posts

Wednesday, October 9, 2013

ჩვენი თანაცხოვრება

ჩვენი თანაცხოვრებაა ის, რომ ერთად ვცხოვრობთ.
ის, რომ ერთად ვიღვიძებთ.
ის, რომ ყოველ დილით შენი ბალიში ჩემ ბალიშთან გაქვს მოწეული.
ის, რომ ყოველ დილით კოცნა მაღვიძებს.
ის, რომ არასდროს ყოფილა გაღვიძება ასეთი სასიამოვნო როცა საყვარელი ადამიანის ჩახუტება გაღვიძებს.
ის, რომ დილაობით მუცელზე კოცნით მიმტკციებ რომ მე კი არა, ბავშვს კოცნი :D
ის, რომ სამსახურში ყოფნისას სულ მენატრები.
ის, რომ სანამ გახვალ სახლიდან უკვე მენატრები.
ის, რომ უშენოდ სულ მოწყენილი ვარ.
ის, რომ მინდა გემესიჯო და სამსახურში რომ არ მოგაცდინო ვითმენ.
ის, რომ სულ ჩემს გვერდით მინდა იყო და წიგნის კითხვასაც არ გაცლი.
ის, რომ ყურადღებას თუ სხვა რამეზე გადაიტან მაშინვე წუწუნს ვიწყებ რომ ყურადღებას არ მაქცევ.
ის, რომ ზოგჯერ ისე მაგრად გეხუტები რომ ნატკენი კისერი გახსენებს თავს.
ის, რომ ყოველი კარის გაფაჩუნება შენი მოსვლა მგონია.
ის, რომ ვდილობ სახლში დაბრუნებულს კარგი საჭმელი დაგახვედრო.
ის, რომ ყოველი შენი "კალიცოს" დანახვაზე მახსენდება რომ სულ ჩემი ხარ.
ის, რომ გეკითხები ხოლმე "გიყვარვარ?" რომ უფრო ხშირად გავიგონო ისედაც მილიონჯერ ნათქვამი ეგ სიტყვა.
ის, რომ სახლში დაბრუნებული (თუნდაც ერთი ან ორი საათის გასული იყო) კოცნით გეგებები.
ის, რომ სადმე გასვლისას კოცნით მემშვიდობები.
ის, რომ ჩამეხუტები და მსუნავ ხოლმე.
ის, რომ ცოტა ნასვამი განსაკუთრებულად გეკიდება სიყვარულის ცეცხლი. :D
ის, რომ ხელი–ხელჩკიდებულები ვსეირნობთ.
ის, რომ მუცელზე საჩვენებელ თითს მადებ და "ტიკი ტიკის" გაიძახი. :D
ის, რომ მაწუწუნებ იმიტომ რომ გიყვარს როცა ვწუწუნებ.
ის, რომ  წამოწოლილი ძალიან მარტოსულად გეჩვენები, მოდიხარ და მეხუტები. :D
ის, რომ თამაშისას ყველაზე "დაძაბულ" მომენტში მოვდივარ და გკოცნი და შენ ამაზე ბრაზს იკავებ.
ის, რომ ვტიტინებ, ვტიტინებ ხოლმე და თურმე ინტერნეტ სივრცეში ისე ხარ ჩაფლული არ მისმენ და მერე თავიდან მატიტინებ.
ის, რომ მივლინებიდან დაბრუნებული გამთენიისას გთხოვ გამაღვიძო.
ის, რომ დილით ჩაი საწოლში მოგაქვს.
ის, რომ დილაადრიან დასალევი წამლები მოგქონდა და მასმევდი.
ის, რომ შენ წილ ნამცხვრებსაც მე ვჭამ :D
ის, რომ საღამოობით მხვდები გაჩერებასთან მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო ადგილას ვცხოვობთ.
ის, რომ ჩემი პრივიჩკები გადმოგედო.
ის, რომ ფილმს ერთად ვუყურებთ და თან მზსუმზირას ვაკნატუნებთ.
ის, რომ თევზის ფხიან ნაწილს მე გიჭამ. :D
ის, რომ გპირდები რომ არ ჩაგეწილები ჭამაში და მაინც გეწილები. :D
ის, რომ მიწოლილს თუ მეძინება პლედს მაფარებ.
ის, რომ ყოველთვის ვგრძნობ შენს ზრუნვას.
ის, რომ ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ თემას და ერთ აზრზე ვდგავართ.
ის, რომ მთელი სიამაყით გეძახი მეუღლეს და მისწორდება. :D
ის, რომ გეხვეწები დაწვე ისე ადრე როგორც მე ვწვები.
ის, რომ შენს გვერდით ბედნიერი ვარ.


მიყვარს შენი მოჭუტული თვალები ინტერნეტში რაიმეს კითხვისას.
მიყვარს შენი სხეულის სუნი და ტემპერატურა.
მიყვარს შენი ნაზი ბაგეები.
მიყვარს შენი ყელი, კოცნისას რომ გეღიტინება :D 


მიყვარს როცა იცინი.
მიყვარს ჭამის შემდეგ გვერდზე რომ მიჯდები.

მიყვარს ჭიქის დასადებს კარდონს რომ ვეძახი და შენ მისწორებ.
მიყვარს შენი ყურება როცა ჭამ.
მიყვარს შენი ყურება, როცა იცმევ ტანისამოსს.
მიყვარს როცა მაჯავრებ: "აუ რა არის რაააა"
მიყვარხარ მთლიანად შენ.
მიყვარხარ.
მიყვარხარ.
მიყვარხარ.

Monday, September 10, 2012

კულონი

აი ჩემი პატარა გული იმდენს იტევს, რომ წარმოდგენა ჭირს.
სულ, სულ პატარაა, მაგრამ შიგნით უსაზღვროებას იტევს.
გადავწყვიტე გამეტეხა და მენახა შიგნით ის იყო რაც მე მეგონა, თუ არა.
რომ გამეტეხა, ამოიფრქვეოდა ვარდისფერი მტვერი, მთელი თავისი თავისებურებებით.
სიყვარულის სპეციფიკური სუნი რომ ასდის. აი ისეთი, გულის ფორმებს რომ ცვლის, გიკუმშავს და სუნთქვას გიკრავს. მოუნდება გაბატონდეს შენზე, თავი ჩაგახრევინოს და გაგხადოს ისეთი, როგორიც თვითონ სურს რომ იყო.
სუნთქვას შეიკავებ რომ მტვრის სურნელი არ გაგეკაროს, ოხერი პატარა ნაწილაკები, შემოიპარებიან ცხვირის ნესტოებში და ფრთებს გაშლიან მთელს შენს სხეულში- თავბრუს ხვევიდან, ფეხის გულების ღიტინამდე. გაინავარდებენ ფილტვებში, მუცლის ღრუში და გულ-მკერდის არეში დაილექება.

 მთელს სხეულს დაეპატრონება და ვერაფერს მოუხერხებ.
ჩუმადაა და გაგრძნობინებს, რომ ვეღარსად წახვალ, მისი ხარ მთელი სხეულით. გაგშორდება სული, გაფრინდება შენგან შორს. 

ხდები სხეულის მონა.
ხედავ და გრძნობ, როგორ კარგავ  საკუთარ მეს.
კარგავ დროისა და ადგილის შეგრძნებას, ხარ გაბრუებული და ვეღარც კანკალებ და ვეღარც ინძრევი. გიჭირს მოძრაობა, გიჭირს ფიქრი, გიჭირს ხედვა, გიჭირს სმენა.
ხდები უგრძნობი.
ვერ გრძნობ შეხებას, ბუჯდები და შეშდები.
ნაწილაკები მუშაობენ შენში, ფუსფუსებენ.
გამოსავალი რაში შეიძლება იყოს?
როგორ დავაბრუნო ვარდისფერი მტვერი ისევ გულში და დავკეტო?
ნუთუ სიცოცხლე უნდა დავთმო იმისათვის, რომ ერთი ციცქნა გული გავამრთელო?
ნელ-ნელა ფეხები მეკვეთება, თავის შეკავებას ვერ ვახერხებ და ვიკეცები.


ვინმეს გქონიათ ასეთი შეგრძნება?
არც მე.

თავს აქეთ- იქეთ ვაქნევ და ვხედავ ვდგავარ ფანჯარასთან, ხელში პატარა გულის ფორმის კულონი მიჭირავს და ვგრძნობ როგორ ასდის მამაკაცის სურნელი.
მე მეღიმება.



Sunday, December 18, 2011

კლინიკა "ბილის" არქივიდან. უცნობი ავტორის წერილი. ნაწილი 7

არსებულისა და არარსებულის გასაყარი.


ვგრძნობ როგორ ვსუნთქავ,
მე ცოცხალი ვარ.
ვგრძნობ როგორ მინდა, როგორ ვოცნებობ, როგორ ვფიქრობ.
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.
ვგრძნობ როგორ მცივა თბილ ოთახში.
ვგრძნობ როგორ მეძინება და არ მაძინებს ეს შეგრძნება.
უკვე გულს მირევს.
აირია ჩემი გრძნობები ერთმანეთში და ვერცერთს ვერ უპოვია თავისი თავი ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით.

სიძულვილი სიყვარულს ჩაბღაუჯებია და არ უშვებს. ისე გადაჯაჭვულან, რომ ერთმანეთს ვერ მოაცილებ. გაკვანძული და მოჭერილია კვანძი. შედეგად, ვერც სიყვარულს ამოუსუნთქია,  ვერც სიძულვილი არის თავის ნებაზე მიშვებული. ვერც ერთი ვერ არსებობს ისე, როგორც ეს თავად მათ სურთ. სიძულვილი არ აცლის სიყვარულს გაშლას, სიყვარული კი თავის მხრივ ვერ ატკბობს სიძულვილს. ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში. ეს არის ორი გრძნობა, რომელიც არასდროს შერიგდება, არასდროს შეეგუება ერთმანეთს. ყოველთვის იქნებიან ცალ-ცალკე, თავიანთი საკუთარი რწმენით გაჟღენთილები. ერთმანეთთან ასე ახლოს და ერთმანეთისგან ასე შორს.
სიყვარული: - ეხლა ხედავ როგორ მტკივა?
სიძულვილი: - აიტან!

ტკივილი, თავისი ფესვებით გარს შემოხვევია გულის გარსს. მთლიანად დაუფარავს მისი კანი. ტკივილი, გულის პატიმარი. გული, ციხე ტკივილისა, სადაც იგი იხდის სამუდამოდ მისჯილ სასჯელს.
ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, წამზომივით. ჩვეულებრივზე ნელა გააქვს ბაგაბუგი გულს.
ბაგ-ბუგ, ტკივლი იბერება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი იბევრება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ბერდება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ჭკნება.
ასე ბაგაბუგით, ასე წამზომივით, ასე ნელა-ნელა, ასე ჩუმად და ასე ზოზინით გადის წამები,  წუთები, საათები და მერე წლები და საუკუნეები. ტკივილი იგივე საკანში, იგივე კუთხეში ზის და უცდის როდის ჩამოკრავს სამუდამოს ზარი, რათა გათავისუფლდეს.


სიმარტოვე ყველასთან ჩახლართულია და ყველა გრძნობას უერთდება. სიყვარულიც, სიძულვილიც და ტკივილიც გრძნობს მას. სიმარტოვე მოიცავს ამ დროს. ყველა წამი მისია.


ვსრისავ, ვჭყლიტავ, ვზილავ გაქვავებულ სხეულის ნაწილს.
პეპლები დაფრინავენ მუცელში. ერთ-ერთი მათგანი, მუქი ლურჯი ფრთებით ამოფრინდა ყელამდე, აფახულებს ფარფლებს და მიღიტინებს. მეღიტინება. გაიჭედა პეპელა და ვეღარც უკან ჩადის, და ვერც ყელიდან ამოსვლას ახერხებს. აფახულებს უძლურად ფრთებს, დახმარებას ითხოვს დანამული თვალები. მე  მეღიტინება.
bubbles, bubbles, bubbles...
პეპელას ფრთები სულ დაუსველდა. ნერწყვში დამბალი ფრთები დამძიმდა და ჩასრიალდა უკან მუცლის ღრუში.
პეპელას ასაფლავებენ.

Wednesday, September 21, 2011

ქალთევზა

Mermaid-ს ქართულად ალი ჰქვია თურმე. იცოდით? მე არა.
ალი არის მითოლოგიური წყლის არსება, რომელსაც ადამიანის თავი, მხრები, ხელები და ტანი აქვს, წელს ქვევით კი თევზის კუდი. არსებობს აგრეთვე წყლის კაცები, ისინი ერთად წყლის ხალხს წარმოადგენენ. წყალთევზები არიან მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფოლკლორში, ლიტერატურაში.
სიტყვა mermaid არის ფრანგული წარმოშობისა. mer ნიშნავს ზღვას, ხოლო maid ახალგაზრდა ქალს, გოგოს.
ალები, სირინოზების მსგავსად უმღეროდნენ ხალხსა და ღმერთებს. ხიბლავდნენ მათ და ჭკუას აკარგვინებდნენ, გემიდან აგდებდნენ და ძირავდნენ კიდეც ზოგჯერ გემებს. მათ ავიწყდებოდათ, რომ ადამიანები ვერ სუნთქავენ წლის ქვეშ მათ მსგავსად.
პირველი ლეგენდა ქალთვზაზე გაჩნდა სირიაში. ქალღმერთ ატარგატისს, სირიის დედოფლის, სემირამისის დედას, შეუყვარდა უბრალო, მოკვდავი მწყემსი და უნებლიედ მოკლა იგი. მას შერცხვა და ჩახტა ტბაში, რათა თევზად ქცეულიყო. წყლებმა ვერ დამალეს მისი ღვთაებრივი სილამაზე, ამიტომ იგი წელს ზევით ქალად დარჩა, ხოლო წელს ქვემოთ თევზად.
ბერძნული ლეგენდის თანახმად,  ალექსანდრე დიდის და სესალონიკე სიკვდილის შემდეგ გადაიქცა ალად. იგი ცხოვრობდა ეგეოსის ზღვაში. როდესაც იგი გემს შეეჯახა, მან ჰკითხა მეზღვაურებს: ალექსანდრე მეფე ცოცხალია? მეზღვაურებმა მიუგეს: ცოცხალია, მეფობს და იპყრობს მსოფლიოს. ალს პასუხი გაუხარდა და გემი მშვიდობიანად გაუშვა. ნებისმიერი სხვა პასუხს მოჰყვებოდა შტორმი, რომელიც ნამდვილად შეიწირავდა გემს და მის მეზღვაურებს.


ზენორის ალი.

ადრე ზღვა ყველაფრის დასაწყისი და დასასრული იყო ზენორის ხალხისთვის. ზღვას მოჰქონდა მათთვის თევზი საჭმელად, თევზი გასაყიდად, მის ტალღებზე კი ისინი გადადიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორეზე. დროს საათებით კი არ ანგარიშობდნენ არამედ ზღვის მიმოქცევით. იყო შტორმებიც, რომლებიც მეთევზეებს იწირავდა.
კარგი დღის დასასრულს, როდესაც ზღვა იყო მშვიდი და ყოველი ნავი თავისი წილი თევზით ბრუნდებოდა ქალაქში, ისინი ადიოდნენ ეკლესიაში და მადლობის ლოცვას აღავლენდნენ, რასაც მოჰყვებოდა გუნდის სიმღერა. ბოლოს ჰიმნის სიმღერის შემდეგ, ყველა თვის სახლში ბრუნდებოდა.
გუნდში გამოირჩეოდა ერთი ლამაზი ყმაწვილი, სახელად მეთიუ ტრეველა, რომელსაც ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა. მისი ხმა ისეთი წკრიალა იყო როგორც ზარები. ყოველთვის მეთიუ ასრულებდა ბოლო ჰიმნს.
ერთ ადრეულ საღამოს, როცა ყველა ნავი ნაპირს მისდგომოდა, ხალხი ეკლესიაში შეკრებილიყო, ბინდში რაღაც ამოძრავდა. ტალღები თავისით უხმაურად გაიყო, წლიდან რაღაც არსება ამოვიდა და ჩამოწდა დიდ ქვაზე. ეს იყო ორი არსება, თევზი და ქალი. ქალს ჰგავდა თუმცა თევზის კუდი ჰქონდა. ეს იყო ალი, ლირის, ოკეანის მეფის ერთ-ერთი ქალიშვილი სახელად მორვერენი.
მორვერენი იჯდა ქვაზე და წყალში თავის ანარეკლს უყურებდა. აგროვებდა ნიჟარებს და უსმენდა ქარისა და ტალღების ხმას. ამ ხმაში გამოკრთოდა მეთიუს სიმღერაც.
"რა ნიავს მოაქვს ეს სიმღერა?" გაიკვირვა ალმა. მაგრამ ამ დროს ქარი ჩადგა, და მეთიუს ხმაც მიწყდა. მზე გაქრა და ალი ჩავიდა წყალში ღმრად თავის სახლში.
შემდეგ საღამოს ალი დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად კვაზე კი არ ჩამოჯდა არამედ ნაპირთან ახლოს მიცურდა, რათა უკეთესად გაემო სიმღერა. ის უსმენდა მეთიუს სიმღერას.
"რა ჩიტი მღერის ასე ტკბილად?" მან იკითხა თუმცა დაბნელდა და მხოლოდ ჩრდილებიღა ჩანდა.
მომდევნო დღეს ალი უფრო ადრე მივიდა და ნავებთან გაჩერდა საიდანაც ისმოდა მეთიუს სიმღერა.
"რა სალამური გამოსცემს ასეთ მუსიკას?" მან იკითხა თუმცა პასუხი არავინ გასცა. მას ისე ძლიერ დააინტერესა და ისე უნდოდა გაეგო ყველაფერი ამ ხმაზე რომ უფრო ახლოს მიცურდა საიდანაც ეკლესია და ხალხი ჩანდა. ამ დროს დაიწყო მიმოქცევა და ქალთევზა დაბრუნდა წყალში რათა არ დარჩენილიყო ნაპირზე, როგორც თევზი წყლის გარეშე.
მორვერენმა ჩაყვინთა და მივიდა მამასთან, რომელთანაც იგი ცხოვრობდა. მან მოუყვა თუ რა გაიგონა.
ლირი იყო მოხუცი და როცა მოისმინა ქალიშვილის სიტყვები გააქნია თავი.
"მოსმენა საკმარისია შვილო, ნახვა უკვე მეტისმეტია."
"მე უნდა წავიდე მამა, მუსიკა ისეთი მომაჯადოვებელია".
"არა", უპასუხა მან. "სიმღერა კაცის პირიდან მოდის, ჩვენ კი ზღვის ხალხი არ დავდივართ მიწაზე."
ოკეანის მარგალითისხელა ცრემლი წამოუვიდა ალს. "მე ნამდვილად მოვკვდები ამის სურვილით აქ".
ლირმა ამოიოხრა, მისი ოხვრა ძრავდა წყალში კლდეებს. ალის ტირილი არ გაგონილი რამ იყო და ამ ამბავმა ძლიერ დაამწუხრა მეფე.
"წადი" უთხრა ბოლოს მეფემ. "წადი მაგრამ ფრთხილად იყავი, წაიღე კაბა, როგორსაც მათი ქალები ატარებენ და ყურადღებით იყავი არავინ დაგინახოს. მოქცევაზე დაბრუნდი, ან სულ ვერ დაბრუნდები".
"თავს გავუფრთხილდები მამა" წამოიძახა გახარებულმა ალმა. "არავინ დამცინებს, როგორც ქაშაყს."
ლირმა მისცა მას ლამაზი კაბა, რომელიც მორთული იყო მარგალიტებითა და სხვა ზღვის თვლებით. ბრწყინავი თმა კი ალმა ბადით დაიფარა. ასე გასწია მან კაცთა მიწაზე. ფარფლებით სიარული ძნელი იყო, ასევე შეუჩვეველი იყო კაბას ალი და ძალზედ გაუჭირდა ეკლესიამდე მისვლა. იგი მიცოცავდა და ებღაუჭებოდა ხეებს. როდესაც ეკლესიამდე მიაღწია მან დაინახა მეთიუ, რომელიც ანგელოზივით ლამაზი იყო. გუნდმა ვერ შენიძნა ქალთევზა, რადგან ისინი სიმღერის დროს ან საგალობლების წინგს ჩასჩერებოდნენ ან ცაში იყურებოდნენ. არავის მოუხედავს უკან.
ალი ყოველ საღამოს მიდიოდა და უსმენდა. თვე თვეს მიყყვებოდა, მეთიუ იზრდებოდა და უფრო და უფრო მშვენდებოდა, მისი ხმა ძლიერდებოდა. ალი უცვლელი რჩებოდა, რადგან ქალთევზები არ იცვლებიან. ალი უსმენდა და სანამ ბოლო ნოტს იმღერებდნენ მანამდე მოდიოდა.
ერთხელ სიმღერა ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა და მორევენმა ვერ შეიკავა თავი და ოხვრა აღმოხდა მეთიუს ტკბილ ხმაზე. მეთიუმ გაიგონა და უკან მოიხედა. ალი ისეთი გატაცებით უსმენდა სიმღერას, ბადე ჩამოვარდნოდა თმიდან. მეთიუ მოხიბლა ქალთევზის სილამაზემ და ერთი დანახვით შეუყვარდა იგი. როცა დაინახა მორვერენმა რომ მეთიუმ ის დაინახა შეეშინდა და გავარდა ეკლესიიდან.
"შეჩერდი"! უყრივა მეთიუმ. "დაიცადე", და გაეკიდა მას.
ეს ყველამ გაიგო და გავიდა ყველა ეკლესიიდან.
ალი წაიქცა და მეთიუმ დაიჭირა ის.
"ვინც არ უნდა იყო, დარჩი, არ წახვიდე". ეხვეწებოდა ბიჭი.
ცრემლები, ნამდვილი ცრემლები, ზღვისავით მლაშე, წამოუვიდა მორევერნს თვალებიდან.
"არ შემიძლია დარჩენა. მე ზღვის არსება ვარ და უნდა დავბრუნდე იქ, სადაც უნდა ვიყო."
მეთიუმ შენიშნა ფარფლი, რომელიც კაბიდან მოუჩანმა ალს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის.
"მაშინ მე წამოვალ შენთან, რადგან შენთანაა ჩემი ადგილი".
მან აიყვანა მორევერნი ხელში, ალმა შემოხვია ხელები კისერზე და ისინი დაეშვნენ ოკეანისკენ. ხალხმა დაინახა ეს ყველაფერი და დაუყვირეს.
"შეჩერდი მეთიუ, ნუ წახვალ"
"არა, მეთიუ არა"-ყვიროდა ბიჭის დედაც.
მეთიუ კი მოჯადოვებული იყო ქალთევზას სიყვარულით და მირბოდა სწრაფად ზღვისკენ.
ზენორის მეთევზეები და ბიჭის დედა დაედევნენ მეთიუს. მეთიუ სწრაფად მირბოდა და ჩამოიტოვა მდევრები. ალიც სწრაფი და ჭკვიანი იყო. მან მოსწყვიტა კაბას მარგალიტები და სხვა ძვირფასი თვლები და დააბნია გზაზე, მეთევზეები დაიხარნენ და კრეფა დაუწყეს თვლებს. ისინი ხარბები იყვნენ როგორც ზოგადად ყველა ადამიანია. მხოლოდ დედამისი მირბოდა ისევ მეთიუსკენ.
ზღვა ღელავდა. ტალღები ისეთი მაღალი იყო რომ მეთიუ ჩაეშვა ზღვაში. დედამისი კი მიწაზე დარჩა.
მას მერე ზენორის ხალხს აღარ უნახავს ალც ალი და არც მეთიუ.
ამბობენ ისინი ლირის სამეფოში ცხოვრობენო, რომელიც ოქროს ქვიშითაა ნაგები, ღრმად მომწვანო-მოლურჯო წყალში.
ზენორის მოსახლეობას ესმოდა მეთოუს ხმა. ის უმღეროდა სასიყვარულო სიმღერებს ალს დღე და ღამე კი იავნანას. მან ისწავლა ბევრი ზღვის სიმღერა. ამ სიმღერით ხვდებოდა მოსახლეობა როდის იყო საიმედო ზღვაში გასვლა და როდის საშიში.
არიან ადამიანები ვინც სიტყვებს არჩევს ტალღების ხმაში. მათ ესმის ქარის ჩურჩული. ეს ის ხალხია ვინც ამბობს რომ მეთიუ კვლავ მღერის, უბრალოდ მოსმენაა საჭირო.

Sunday, March 6, 2011

წარსული

ხო ეს პოსტი მართლაც წარსულს უნდა მივუძღვნა.
ღამეა, გვიანია და მგონი შესაფერისი დროა გავიხსენო ძველი დრო. ერთხელ მაინც უნდა მექნა ეს და მნიშვნელობა არ აქვს როდის გავაკეთებდი. ერთ-ერთმა ფორუმელმა კი მიბიძგა ამისკენ. მიბიძგა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მისი პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი წერისა.

წარსული სიყვარული.

არ ვიცი ყველას თუ არა მარა უმეტესობას ჰქონა სიყვარულში იმედგაცრუება. იმას, ვისაც არ ჰქონია არ ვიცი რა ვუთხრა ეს კარგია თუ ცუდი. მე დიდად ვიტანჯე, მარა ეხლა რომ ვუკვირდები ღირდა და მიხარია რომ ყველაფერი ასე მოხდა. იმიტომ, რომ მე ამ ტანჯვის (არ ვაჭარბებ ტანჯვასავით იყო) 2 წლით იმდენი ვისწავლე, რამდენსაც ალბათ 5, 10 წელი ვერ ვისწავლიდი.

სწავლა დავარქვა? მთლად სწავლა არაა. ესაა ცვლილება. დიდი ცვლილება. მოდი დავიწყებ მოყოლას და უფრო გასაგები გახდება ყველაფერი.
ამ თემაზე არ ვლაპარაკობ არავისთან და ერთხელაც მინდა გარკვევით დავწერო ყველაფერი. ყველაფერი "გავაიასნო".

მოკლედ ვიყავი მეორე კურსელი. 19 წლის. დაწვრილებით არ ვაპირებ მოვყვე როგორ გავიცანი. როდის ვნახე პირველად. და ა.შ. რეალურ ფაქტებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამ პოსტის მიზანი არის დავწერო თუ რა ვისწავლე იმით, რომ მე ეს ადამიანი გავიცანი.
ამ ადამიანს პირობითად "მაილო" დავარქვათ.
მე მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა. ამას გვიან მივხვდი. ძალიან მგრძნობიარე ვიყავი მე მაშინ. 19 წლის გოგო, ცოტა სულელი, ძალიან მგრძნობიარე და ძალიან ნაივი. გულუბრყვილობა არც ისე კარგია ზოგჯერ.
მე იმას არაფერში არ ვამტყუნებ. ის სწორად მოიქცა, უბრალოდ ვერ გათვალა, რომ ეს მისი სწორი ნაბიჯი  ისეთ შედეგს ar გამოიღებდა, როგორსაც თვითონ ფიქრობდა.
შედეგი იყო: 2 წლიანი ფიქრები, ღემე ტირილები, დაგრუზული ხასიათები.
შედეგი ნომერი 2: ხასიათის გამოცვლა, გონების ცვლილება,  და ადამიანის სრული გამოცვლა.

ეს ცვლილება ჩემთვის კარგია. მე მომწონს ეს ცვლილება და რაც მთავარია ჩემთვის ადვილია. ეს ცვლილება მე მაწყობს და ამ შემთხვევაში სხვა არაფერი არ მაინტერესებს.
არა, არ გეგონოთ რომ ეგოისტი, ან ცივი ადამიანი გავხდი. სულაც არა.
უბრალოდ ყველაფერს ისე არ განვიცდი, როგორც ადრე. ყველაფერი ჩემთვის უფრო ადვილი გადასატანი გახდა, ვიდრე ადრე. უფრო ჭკვიანურად ვიქცევი და ა.შ.
ყველაზე ქაოსური პოსტია მგონი რაც აქამდე დამიწერია.
ეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი, ერთადერთი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

მოკლედ მაილომ ჩემთან მეგობრობა შეწყვიტა. კარგა ხანს ვერ გავარკვიე მიზეზი.
ბოლოს ყველაზე მეტი რაც გავიგე იყო ის, რომ ჩვენი ურთიერთობა იცვლებოდა და იმ მიზეზით, რომ ერთამნეთი არ შეგვყვარებოდა დავასრულეთ "მეგობრობა".
ერთი დეტალი გამორჩა. მე უკვე მიყვარდა.
რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?
არ იყო მზად სიყვარულისთვის?
ვინ იცის..
მოკლედ ასე იყო თუ ისე, 2 წელი ვცდილობდი დამევიწყებინა. არ მიმეწერა. ერთი პერიოდი შურისძიება მინდოდა, თუმცა არ მქონდა მიზეზი.
"კარგი ბიჭივით" მოიქცა ის. ვერ გაამტყუნებდი.
2 წელი ნელ-ნელა ვიცვლებოდი, ვტიროდი ღამე, ვცდილობდი ცუდი რაღაცეები გამეხსენებინა მასზე, მარა ვერ ვახერხებდი. ვერ ვპოულობდი ცუდს მასში. არც ჰქონდა.
მისი უარყოფითი თვისებები რომ მცოდნოდა, უფრო გამიადვილდებოდა ალბათ.
მოკლედ 2 წლის მერე დარჩენილი მქონდა მხოლოდ ლაქები. ლაქები გულში, სულში, გონებაში.
სრულიად ეხლა გაქრა.
და აღმოვაჩინე ამ ამბის გადატანის მერე, რომ გავხდი ისეთი, როგორიც მაშინ მინდოდა ვყოფილიყავი.
ეხლა ვნანობ ბევრ რამეს რაც მაშინ ჩემი გულწრფელობით და მამიტობით ჩავიდინე.
ამჟამად ადამიანის დავიწყება ადვილად შემიძლია.
შემიძლია მოვთოკო ნერვები.
შემიძლია მოვითმინო თუ ისეთი რამის გაკეთება მინდა, რაც ვიცი, რომ არ შეიძლება.
ცოტა ცივი გავხდი. ზომიერად.
აღარ ვარ მგრძნობიარე, ეს არაა საჭირო. ის გრძნობებიც გვეყოფა რაც ყველა ადამიანს ისედაც აქვს.
მე ძლიერი ვარ. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ვარ.
არც ერთი უცხო ადამიანი არაა ღირსი ცრემლებისა.
მე ძალიან მიხარია და ვამაყოფ რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ.
სხვაგვარად გამიჭირდებოდა ცხოვრებაში.
მეგონა არასოდეს არავინ შემიყვარდებოდა.
შევცდი. მხოლოდ იმაში ვარ მართალი რომ ისე არ შემიყვარდება არავინ როგორც ის. თუმცა თურმე სიყვარულის ბევრი სახეობა არსებობს.
ახლა გვერდით მყავს ადამიანი, ვისაც ვენდობი, ვაფასებ და რაც მთვარია მიყვარს.
შორს წარსული.
წარსული იცით რითია კარგი? იმით, რომ ის წარსულია.