Showing posts with label ჯაზი. Show all posts
Showing posts with label ჯაზი. Show all posts

Saturday, May 28, 2011

საქსოფონი

რამდენი ხანია მინდოდა ამ გასაოცარ ინსტრუმენტზე დაწერა და როგორც იქნა მეღირსა.


ვინ შექმნა საქსოფონი?
საქსოფონი- ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმნეტია, რომელიც ბელგიელმა მუსიკალური ინსტრუმენტების გამომგონებელმა, ადოლფ ანტუან ჯოზეფ საქსმა შექმნა 1841 წელს. სწორედ მისი გვარის მიხედვით დაარქვეს ინსტრუმენტს ეს სახელი.
 ადოლფის მამა, შარლ ჟოზეფ საქსი ცნობილი მუსიკალური სასულე ინსტრუმენტების ოსტატი იყო. მას 11 შვილი ჰყავდა და თავისი პროფესია მხოლოდ ადოლფს გადაულოცა. საქსი საცხოვრებლად ბელგიიდან საფრანგეთში გადავიდა და სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების ქარხანა გახსნა. ადოლფ საქსმა სრულყო თითქმის ყველა სასულე ინსტრუმენტი. ის ცდილობდა, ახალი ჟღერადობა მიენიჭებინა ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის და წარმატებით შეძლო კიდეც. საქსოფონის გამოგონებამ მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

როგორი ინსრუმენტია საქსოფონი?
საქსოფონი ხის სასულე ინსტრუმენტთა რიცხვს განეკუთვნება, თუმცა ის ლითონისგან - ვერცხლის ან განსაკუთრებული შენადნობისგან, ლატუნისგან მზადდება. ფორმითა და ჟღერადობით კლარნეტს ჰგავს. საქსოფონი წარმოადგენს პარაბოლის მსგავს საყვირს, ნისკარტისმაგვარი მუნდშტუკითა და ერთმაგი ტროსტით. არსებობს მუნდშტუკის მრავალი ტიპი, რაც სხვადასხვანაირი ჟღერადობის საშუალებას იძლევა. საქსოფონის ოჯახი 7 ნაირსახეობისგან შედგება- სოპრანოდან კონტრაბასამდე და ჯაზური ორკესტრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. გამოიყენება სასულიერო, საესტრადო და სიმფონიურ ორკესტრებში, აგრეთვე, როგორც სოლო ინსტრუმენტი.

სად გამოიყენება საქსოფონი?
თავდაპირველად საქსოფონი მხოლოდ სამხედრო ორკესტრებში გამოიყენებოდა. შემდეგ კი, თანდათანობით, საოპერო და სიმფონიურ ორკესტრებშიც შეიტანეს. ბევრი ცნობილი კომპოზიტორი წერდა მუსიკას სპეციალურად ამ ინსტრუმენტისთვის. სიმფონიურ ორკესტრში საქსოფონი პირველად გამოიყენა ჟორჟ ბიზემ, ალფონს დოდეს პიესის - „არლელი ქალი“-სათვის დაწერილ მუსიკაში.
დღეს ყველაზე ხშირად საქსოფონი გამოიყენება ჯაზურ მუსიკაში. ზოგიერთი ცნობილი მუსიკოსი მას „ჯაზის მბრძანებელსაც“ უწოდებს.
მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა ახალი მუსიკალური სტილი „ჯაზი“ და საქსოფონი მაშინვე იქცა მის მთვარ ინსტრუმენტად. მისი სპეციფიკური ჟღერადობა და დიდი შესაძლებლობები ამ სტილს ძალიან მიესადაგა.


Wednesday, March 23, 2011

ბედნიერი დღის რეცეპტი

ანუ პოსტი, ერთ დღეზე ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან.
23 მარტი, ჩვეულებრივი დღე და მე შევიმუშავე ბედნიერი დღის  რეცეპტი.
დილის 10 საათი- სამსახური
დღის 3 საათი - წიგნის კითხვა
დღის 5 საათი - ქსოვა
დღის 7 საათი- შოკოლადის ტორტი (p.s. happy birthday brother)
და
დღის 9 საათი - ჯაზი შეზღუდული რაოდენობით.
ღამის 11 საათი ძილი.

(ამ უკანასკნელს არ ვიცი რამდენად შევძლებ)

თქვენც შეადგინეთ თქვენი ბედნიერი დღის რეცეპტი. :)
გისურვებთ წარმატებას. :)

Monday, January 24, 2011

Billie Holiday

ბილი ჰოლიდეი- ჯაზის ისტორიის ერთ-ერთი პრინცესა, რომლითაც მე მოხიბლული დავრჩი. ყველა ქალს ჯაზის ისტორიაში დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბილი გამოვყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი ამ ჟანრში შეუდარებელია და შეუდარებლადაც ასრულებს, ბილის ნამღერმა გული დამითაგა და შინაგანად ამაკნავლა.
ის ფაქტიც მომწონს ამ ქალში რომ ბილი ჰოლიდეი მისი ნამდვილი  სახელი არაა, მას ელეონორა ფეგენი ჰქვია. ბილი მისი საყვარელი მსახიობის გამო დაირქვა.

ელეონორა დაიბადა ფილადელფიაში. ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მამამისის ვინაობა დაუდგენელია. 11 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა, სამი წლის შემდეგ კი დედასთან ერთად პროსტიტუციის ბრალდებით საკანში აღმოჩნდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ლეგალური შემოსავლის პოვნის მიზნით სამ ღამის კლუბში იწყებს ერთდროულად გამოსვლას, სადაც მშრალი კანონის პერიოდში არალეგალურად იყიდებოდა სპირტიანი სასმელები.

მისი ცხოვრების სტილმაც იმოქმედა ჩემზე. თუ სწორად მახსოვს, იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთმა ჯაზის კრიტიკოსმა ნახა რის შემდეგაც, იგი დიუკ ელინგტონმა ფილმში მიიწვია. მას მერე დაიწყო ბილის პოპულარობის ხანა.

ბილის რომ ვუყურებ სიმღერის დროს, მის თვალებში თითქოს მთელი მისი ტრაგიზმი და მთელი ცხოვრება იხატება. ისეთ სევდას ატარებს ეს გამოხედვა, თვალები რომ მე მბურძგლავს..

როცა ბილი დაიბადა, დედამისი 13 წლის იყო, მამა კი - 15-ის. ბავშვობისას ბილი მეზობლად მდებარე საროსკიპოში მომუშავე მეძავებს ეგზავნებოდა წვრილმანი დავალებების შესასრულებლად. ისინი კი სამაგიეროდ ლუი არმსტრონგისა და ბესი სმითის ჩანაწერების სმენის უფლებას აძლევდნენ.

მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა არის  “Strange Fruit” – „უცნაური ნაყოფი“ - რომელშიც ლინჩის წესით დასჯა არის აღწერილი. მუსიკა თავად ბილი ჰოლიდეის ეკუთვნის.

ბილი ჰოლიდეის არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა. არც მესაყვირე ჯო გაი, რომელსაც 1940 წელს გაეყარა, და არც ლუის მაკკეი არ აღმოჩნდნენ ის მამაკაცები, რომელთაც შეეძლოთ ან სურდათ, ბილი ჰოლიდეი თვითგანადგურებისგან დაეცვათ. 50-იანი წლებისთვის ის ალკოჰოლისა და მარიხუანის ტყვეობაში იმყოფებოდა; მას ხმა არაბუნებრივად დაუბოხდა და გაებზარა. ის ზოგჯერ კონცერტის დროს კარგავდა ხოლმე ხმას. მაგრამ არასოდეს დაუკარგავს სრულიად გამორჩეული, ინდივიდუალური სტილი, ინტიმურობა, ტექსტის წარმოთქმის სპეციფიკურობა.

ბილის სურათებს და კონცერტებს თუ ნახავთ, თმაში დამაგრებულ თეთრ გარდენიას უმალ შეამჩნევთ :)










ქალი იდუმალება
ქალი მელანქოლია
ქალი სენტიმენტალიზმი
ქალი ბლუზი
ქალი ინტიმურობა
ქალი მდუმარება
ჰაეროვანი ქალი.