Wednesday, January 25, 2012

ჩანაწერი "ბილის" კლინიკიდან ნაწილი 10. (ლიზი)

წერილი რომელიც იპოვეს 15 იანვარს.

- რატომ ნერვიულობ წინასწარ?
ახალი წელი ხომ ჯერ არ მოსულა?
წინასწარ ნერვიულობ ახალი წლის თაობაზე, როცა ასეთი დიდი დროა წინ.
რა იცი რა მოხდება მანამდე?
არ იცი, ხოდა დაიცადე და ნახე.
თუ ასეთი მდგომარეობა იქნება, მერე ინერვიულე.
 - არაფერი რომ არ მოხდეს რა ვქნა?
მერე ვიტირო?

ძნელია იფიქრო რამეზე, როცა ამის წინაპირობა არ გაქვს.
რომ არ მოხდეს ის, რაც საჭიროა რა ვქნა?
როგორ გადავიტანო?
რა რთულია..
მიადვილდებოდა, მარა მოახლოვდა ნოემბერი, მოვა ზამთარი, ახალი წელი, დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველა დღესასწაულზე დამეწყება ნევროზები.
ახალ წელზე განსაკუთრებული გაჭედვები მაქვს..
უკვე დაიწყება ქუჩების მორთვა შუქებით და მე ამის დანახვაზე კანკალი დამეწყება.
აი, ვზივარ კლინიკაში და ვწერ.

 
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
 არ ვარ მე დაავადებული, თუმცა ყველა ავადმყოფი ამას ამბობს. არა მე მართლა არ ვარ ავად, რაღაც შეცდომა მოხდა. არსებობს დროებითი საშუალებები, რომელიც ცოტა ხნით განგკურნავს, მარა როდესაც რამოდენიმეჯერ ცდი ამა თუ იმ საშუალებას უკვე ხვდები რომ აღარ მოქმედებს. ყველა ახალ საშუალებას აქვს ეფექტი შენი ღრმა რწმენიდან  გამომდინარე.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ჩანაწერების გაკეთება რაღა საჭიროა. და ეს ჩანახატები საერთოდ.
ფებეხი მეწვის...
 ხოდა რაზე ვლაპარაკობდი? ხო ახალ წელზე და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.
რა ვქნა? იქნებ მირჩიოთ რამე? ამ კლინიკაში არავინაა ჩემნაირ საღ გონებაზე. მე ვარ? კი ვარ.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ვაკეთებ
ჩანაწერებს და არ ვიღლები წერით. კალმის ჭერისგან გამიბუჟდა შუა თითი და მესმის კლავიატურის წკაპუნი. როგორი გულწრფელია ყოველი სიტყვა. მხოლოდ ამ კლინიკის მცხოვრებლებს შეუძლიათ ასე. ყველა აქ მკვიდრი წმინდაა და ყოველი მათი სიტყვა უმანკო.
 რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი ახალ წელთან დაკავშირებით? ეს ახალი წელი ხომ არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს? დაფარულად გამოვთქვა ჩემი უკმაყოფილება ეხლანდელ ახალ წელთან თუ, დავწერო ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეშია? არა როდის ვიყავი მე გამბედავი რომ ეხლა გავაკეთო ეს? თან, მკითხველი ან მკითხველები, მე რა ვიცი, რომ არ წაიკითხავენ? არ ვიცი.
და გავაგრძელებ წერას ისე, როგორც მე ვიცი და არავინ სხვამ.
ვიწყებ ლაპარაკს ახალ წელზე და ვამთავრებ სულ სხვა რაღაცაზე.. უცნაურია.
ახალი წელი თავისი ჰაი ჰუითი, თავისი
Jingle bells-ით, თავისი “ხლაპუშკებით“.
ვის უნდა ეს?
ყველას. ყველას, ჩემს გარდა. ახალი წლით ყველა ისიამოვნებს ჩემს გარდა.
მე ვიჯდები ამ კლინიკის  ოთახში და ან წერით შევიქცევ თავს, ან ტელევიზორში ვუყურებ როგორ ერთობა ხალხი.  შურით გავსკდები, ბოღმა დამახრჩობს. დამახრჩობს, რადგან მე არ შემიძლია ვიყო ისეთი ბედნიერი, როგორც ის ხალხია. არადა შემეძლო ვყოფილიყავი. ამ კლინიკაში რომ არ გამოვემწყვდიე იმ წყეულს, მეც ასე გავიხარებდი. გამახსენდება ის, რაც არ უნდა გამახსენდეს, ვიბღავლებ და რომ დავიღლები ტირილისგან, ტკბილად ჩამეძინება. ჩამეძინება ღამეს, როდესაც არვის სძინავს და ყველა ერთობა. მე მეძინება. ჩემ თვალდახუჭულ ფონზე ბურუსი შთანთქავს მხიარულ ხმებს, ღრეობას, სმით გათიშული ხალხის ცეკვას. და Massive Attack-ის
Live With me ლაიტმოტივად დაჰყვება ამ სანახაობას.
 გათენდება პირველი იანვარი და იქნება ისეთივე საშინელი, როგორიც ყოველთვის იყო. ეს პირველი იანვარიც იქნება ისეთი, როგორიც 24 წლის განმავლობაში იყო. არავითარი ცვლილება. დაიწყება 2012 წლის პირველი დღე. ახალი იმედებით, ახალი სიხალისით, სიახლეებით, ახლის მოლოდინით, ეს იმათთვის, ვისთვისაც ცხოვრება ღირებულია.
მე ვიჯდები კლინიკაში. ისევ მდორედ დაიწყება ეს წელიც. ისეთივე, როგორიც აქამდე იყო. არანაირი იმედები და არანაირი სიახლე.
დავლევ ჩემს წამლებს და ისევ დავიძინებ, რათა გავიღვიძო იგივე ადგილას, იგივე გუნებით და ვწერო, ვწერო იმაზე, რაც არავის აინტერესებს.


written on 15th of November 2011

By Liz

Tuesday, January 10, 2012

კლინიკა ბილი ნაწილი 9. ის, ვიღაც ქალი.

...თითებზე მეფერები თითებით. ხელზე მიხახუნებ შენს ხელს. ცხელ, გახურებულ შუბლს მადებ შუბლზე და მე ვწითლდები.  ეს სიმორცხვის სიწითლე არაა, შენი სითბო მათბობს და  სიმხურვალე მიწითლებს ლოყებს.
ყურში ჩუმად მჩურჩელებ რაღაც სიტყვებს. მე არ მესმის. არ შემწევს ძალა, გონება მოვიკრიბო და მოვისმინო ნათქვამი. შენი სიახლოვე მიფანტავს გონებას და ვეღარ ვაზროვნებ. ამ უნარს მართმევ და მიგაქვს შენთან, ინახავ იქ, სადაც ჩემი თითების მოფერება სულმდგმულობს.
მე ისეთი ლამაზი ვარ შენს გვერდით. სიხარულით მიციმციმებს თვალები. ჩემი თვალების კაშკაშით ვუნათებ გზააბნეულ მგზავრებს გზას.
მე ისეთი თბილი ვარ შენს გვერდით, ჩემს სითბოს ვუნაწილებ სხვა, უცხო ადამიანებს. ყოველ დილით სითბოს ვუნაწილებ ოჯახის წევრებს.
მე ისეთი ბედნიერი ვარ შენს გვერდით, სულ ვიღიმი. ჩემი დღეები სულ ღიმილიანია. მე ცაც მიღიმის, მზეც და ის ღრუბელიც, რომელსაც შენი დასველება გადაუწყვეტია.
მე ისეთი იდუმალი ვარ შენს გვერდით, მეგობრები ინტერესით მაკვირდებიან. მეკითხებიან და მსწავლობენ. ხელახლა ვიცნობ ჩემს მეგობრებს.
მე ისეთი ღარიბი ვარ შენს გვერდით, სიყვარულის, სითბოს, ალერსის და მოფერების მეტი ვერაფერს გაძლევ.
მე ისეთი ნიჭიერი ვარ შენს გვერდით, ლექსებს გიწერ, გიმღერი და ხოტბის სიტყვებს გასხამ. ლამაზი და კეთილი სიტყვები თავისით პოულობენ ადგილს ქაღალდზე და ლაგდებიან შესაფერის მწყობრში.
მე სანამ შენით ვცხოვრობ და ვსუნთქავ, იქ, სადღაც, ვიღაც ქალი იხრჩობა შენი წყურვილით. იქ, ვიღაცას გულს უკეპავენ და სისხლს წურწურით ადენინებენ. იქ, ვიღაც ქალი ზღვის წვეთებით ტირის.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო ბედნიერია.
იქ, ვიღაც ქალი უშენობამ განკურნა.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო მხიარულია.
იქ, ვიღაცა ქალი უშენოდ იღიმის.
იქ, ვიღაც ქალს შენზე უკეთეს ადამიანებთან აქვს ურთიერთობა.
იქ, ვიღაც ქალი სხვის თვალებს ხვდება, სხვის ხელებს, სხვის სითბოს.
იქ, ვიღაც ქალს უკეთესად ექცევიან.
იქ, ვიღაც ქალს შეუფასებელ კომპლიმენტებს ეუბნებიან.
იქ, ვიღაც ქალს ფუფუნებას აგრძნობინებენ.
იქ, ვიღაც ქალზე ზრუნავენ.
იქ, ვიღაც ქალი ხვდება, რა კარგია ცხოვრება შენს გარეშე.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უკეთ სუნთქავს.
იქ, ვიღაც ქალი კი არ არსებობს, ცხოვრობს.

ერთხელ უცნობი ქალი ქოლგით ხელში წვიმიან ამინდში სეირნობდა პარკში. მას კოპლებიან კაბაში დასველებული გოგონა მიუახლოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო.
-გაგიმარჯოს კოპლებიან კაბიანო გოგონავ.
- ხო, დავსველდი. მხიარული სიცილით უთხრა გოგონამ.
- რითი შემიძლია დაგეხმარო? სერიოზული სახით დაუწყო ქალმა თვალიერება გოგოს.
- თქვენთან ლაპარაკი მინდა. რამოდენიმე კითხვა დაგისვათ შეიძლება?
- კითხვებს გააჩნია.
ისინი შევიდნენ იქვე კუთხეში მდებარე თბილ კაფეში. მოითხოვეს ფინჯანი ყავა და მარმელადები.
სვავდნენ ცხელ ყავას და საუბრობდნენ.
- მერე თქვენ არაფერი ცადეთ მის დასაბრუნებლად? ეკითხებოდა კოპლებიან კაბიანი გოგო, თან ცხელ ყავას სულს უბერავდა.
- ცდით როგორ არ ვცადე.. ბევრი ვცადე. საკმარისზე მეტი. ვხვდებოდი, რომ ცდას არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა და ჩემს თავში ტრიალებდა სიტყვა "იქნებ".
- იქნებ მიხვდეს თავის შეცდომას?
- სწორედ მაგ იქნებმა დამღუპა. :)
იმედი პირველი უნდა მოკლა. უნდა შეხედო რეალურად მოვლენებს და იმედი იქვე გაანადგურო. სულელებს უთქვამთ იმედი ბოლოს კვდებაო, მე კი გეუბნები იმედი პირველი უნდა გაანადგურო ასეთ შემთხვევაში. იმედი იმდენ არასწორ საქციელს ჩაგადენინებს, მერე ინანებ. საკუთარ თავზე გაგულისდები.
-თქვენ მე მეცოდებით..
-აქ უშვებ შეცდომას. არასოდეს, არავინ შეიცოდო პატარა გოგოვ.
მე არაფერი არ მაქვს შესაცოდი.
ვცოვრობ ისე, როგორც ეს ჩემს გულს გაუხარდება.
ვაკეთებ იმას, რაც  ჩემს ხელებს გაუხარდება.
ვიყურები იქით, საითაც ჩემს თვალებს უნდათ ყურება.
გადაწყვეტილებებს ვიღებ ისე,  როგორც ამას ჩემი ტვინი  გადაწყვეტს.
ვიქცევი ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
მიყვარს ისე, როგორც მე ეს მასწავლეს.