წერილი რომელიც იპოვეს 15 იანვარს.
- რატომ ნერვიულობ წინასწარ?
ახალი წელი ხომ ჯერ არ მოსულა?
წინასწარ ნერვიულობ ახალი წლის თაობაზე, როცა ასეთი დიდი დროა წინ.
რა იცი რა მოხდება მანამდე?
არ იცი, ხოდა დაიცადე და ნახე.
თუ ასეთი მდგომარეობა იქნება, მერე ინერვიულე.
- არაფერი რომ არ მოხდეს რა ვქნა?
მერე ვიტირო?
ძნელია იფიქრო რამეზე, როცა ამის წინაპირობა არ გაქვს.
რომ არ მოხდეს ის, რაც საჭიროა რა ვქნა?
როგორ გადავიტანო?
რა რთულია..
მიადვილდებოდა, მარა მოახლოვდა ნოემბერი, მოვა ზამთარი, ახალი წელი, დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველა დღესასწაულზე დამეწყება ნევროზები.
ახალ წელზე განსაკუთრებული გაჭედვები მაქვს..
უკვე დაიწყება ქუჩების მორთვა შუქებით და მე ამის დანახვაზე კანკალი დამეწყება.
აი, ვზივარ კლინიკაში და ვწერ.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
არ ვარ მე დაავადებული, თუმცა ყველა ავადმყოფი ამას ამბობს. არა მე მართლა არ ვარ ავად, რაღაც შეცდომა მოხდა. არსებობს დროებითი საშუალებები, რომელიც ცოტა ხნით განგკურნავს, მარა როდესაც რამოდენიმეჯერ ცდი ამა თუ იმ საშუალებას უკვე ხვდები რომ აღარ მოქმედებს. ყველა ახალ საშუალებას აქვს ეფექტი შენი ღრმა რწმენიდან გამომდინარე.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ჩანაწერების გაკეთება რაღა საჭიროა. და ეს ჩანახატები საერთოდ.
ფებეხი მეწვის...
ხოდა რაზე ვლაპარაკობდი? ხო ახალ წელზე და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.
რა ვქნა? იქნებ მირჩიოთ რამე? ამ კლინიკაში არავინაა ჩემნაირ საღ გონებაზე. მე ვარ? კი ვარ.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ვაკეთებ ჩანაწერებს და არ ვიღლები წერით. კალმის ჭერისგან გამიბუჟდა შუა თითი და მესმის კლავიატურის წკაპუნი. როგორი გულწრფელია ყოველი სიტყვა. მხოლოდ ამ კლინიკის მცხოვრებლებს შეუძლიათ ასე. ყველა აქ მკვიდრი წმინდაა და ყოველი მათი სიტყვა უმანკო.
რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი ახალ წელთან დაკავშირებით? ეს ახალი წელი ხომ არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს? დაფარულად გამოვთქვა ჩემი უკმაყოფილება ეხლანდელ ახალ წელთან თუ, დავწერო ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეშია? არა როდის ვიყავი მე გამბედავი რომ ეხლა გავაკეთო ეს? თან, მკითხველი ან მკითხველები, მე რა ვიცი, რომ არ წაიკითხავენ? არ ვიცი.
და გავაგრძელებ წერას ისე, როგორც მე ვიცი და არავინ სხვამ.
ვიწყებ ლაპარაკს ახალ წელზე და ვამთავრებ სულ სხვა რაღაცაზე.. უცნაურია.
ახალი წელი თავისი ჰაი ჰუითი, თავისი Jingle bells-ით, თავისი “ხლაპუშკებით“.
ვის უნდა ეს?
ყველას. ყველას, ჩემს გარდა. ახალი წლით ყველა ისიამოვნებს ჩემს გარდა.
მე ვიჯდები ამ კლინიკის ოთახში და ან წერით შევიქცევ თავს, ან ტელევიზორში ვუყურებ როგორ ერთობა ხალხი. შურით გავსკდები, ბოღმა დამახრჩობს. დამახრჩობს, რადგან მე არ შემიძლია ვიყო ისეთი ბედნიერი, როგორც ის ხალხია. არადა შემეძლო ვყოფილიყავი. ამ კლინიკაში რომ არ გამოვემწყვდიე იმ წყეულს, მეც ასე გავიხარებდი. გამახსენდება ის, რაც არ უნდა გამახსენდეს, ვიბღავლებ და რომ დავიღლები ტირილისგან, ტკბილად ჩამეძინება. ჩამეძინება ღამეს, როდესაც არვის სძინავს და ყველა ერთობა. მე მეძინება. ჩემ თვალდახუჭულ ფონზე ბურუსი შთანთქავს მხიარულ ხმებს, ღრეობას, სმით გათიშული ხალხის ცეკვას. და Massive Attack-ის Live With me ლაიტმოტივად დაჰყვება ამ სანახაობას.
გათენდება პირველი იანვარი და იქნება ისეთივე საშინელი, როგორიც ყოველთვის იყო. ეს პირველი იანვარიც იქნება ისეთი, როგორიც 24 წლის განმავლობაში იყო. არავითარი ცვლილება. დაიწყება 2012 წლის პირველი დღე. ახალი იმედებით, ახალი სიხალისით, სიახლეებით, ახლის მოლოდინით, ეს იმათთვის, ვისთვისაც ცხოვრება ღირებულია.
მე ვიჯდები კლინიკაში. ისევ მდორედ დაიწყება ეს წელიც. ისეთივე, როგორიც აქამდე იყო. არანაირი იმედები და არანაირი სიახლე.
დავლევ ჩემს წამლებს და ისევ დავიძინებ, რათა გავიღვიძო იგივე ადგილას, იგივე გუნებით და ვწერო, ვწერო იმაზე, რაც არავის აინტერესებს.
written on 15th of November 2011
By Liz
No comments:
Post a Comment