...თითებზე მეფერები თითებით. ხელზე მიხახუნებ შენს ხელს. ცხელ, გახურებულ შუბლს მადებ შუბლზე და მე ვწითლდები. ეს სიმორცხვის სიწითლე არაა, შენი სითბო მათბობს და სიმხურვალე მიწითლებს ლოყებს.
ყურში ჩუმად მჩურჩელებ რაღაც სიტყვებს. მე არ მესმის. არ შემწევს ძალა, გონება მოვიკრიბო და მოვისმინო ნათქვამი. შენი სიახლოვე მიფანტავს გონებას და ვეღარ ვაზროვნებ. ამ უნარს მართმევ და მიგაქვს შენთან, ინახავ იქ, სადაც ჩემი თითების მოფერება სულმდგმულობს.
მე ისეთი ლამაზი ვარ შენს გვერდით. სიხარულით მიციმციმებს თვალები. ჩემი თვალების კაშკაშით ვუნათებ გზააბნეულ მგზავრებს გზას.
მე ისეთი თბილი ვარ შენს გვერდით, ჩემს სითბოს ვუნაწილებ სხვა, უცხო ადამიანებს. ყოველ დილით სითბოს ვუნაწილებ ოჯახის წევრებს.
მე ისეთი ბედნიერი ვარ შენს გვერდით, სულ ვიღიმი. ჩემი დღეები სულ ღიმილიანია. მე ცაც მიღიმის, მზეც და ის ღრუბელიც, რომელსაც შენი დასველება გადაუწყვეტია.
მე ისეთი იდუმალი ვარ შენს გვერდით, მეგობრები ინტერესით მაკვირდებიან. მეკითხებიან და მსწავლობენ. ხელახლა ვიცნობ ჩემს მეგობრებს.
მე ისეთი ღარიბი ვარ შენს გვერდით, სიყვარულის, სითბოს, ალერსის და მოფერების მეტი ვერაფერს გაძლევ.
მე ისეთი ნიჭიერი ვარ შენს გვერდით, ლექსებს გიწერ, გიმღერი და ხოტბის სიტყვებს გასხამ. ლამაზი და კეთილი სიტყვები თავისით პოულობენ ადგილს ქაღალდზე და ლაგდებიან შესაფერის მწყობრში.
მე სანამ შენით ვცხოვრობ და ვსუნთქავ, იქ, სადღაც, ვიღაც ქალი იხრჩობა შენი წყურვილით. იქ, ვიღაცას გულს უკეპავენ და სისხლს წურწურით ადენინებენ. იქ, ვიღაც ქალი ზღვის წვეთებით ტირის.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო ბედნიერია.
იქ, ვიღაც ქალი უშენობამ განკურნა.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო მხიარულია.
იქ, ვიღაცა ქალი უშენოდ იღიმის.
იქ, ვიღაც ქალს შენზე უკეთეს ადამიანებთან აქვს ურთიერთობა.
იქ, ვიღაც ქალი სხვის თვალებს ხვდება, სხვის ხელებს, სხვის სითბოს.
იქ, ვიღაც ქალს უკეთესად ექცევიან.
იქ, ვიღაც ქალს შეუფასებელ კომპლიმენტებს ეუბნებიან.
იქ, ვიღაც ქალს ფუფუნებას აგრძნობინებენ.
იქ, ვიღაც ქალზე ზრუნავენ.
იქ, ვიღაც ქალი ხვდება, რა კარგია ცხოვრება შენს გარეშე.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უკეთ სუნთქავს.
იქ, ვიღაც ქალი კი არ არსებობს, ცხოვრობს.
ერთხელ უცნობი ქალი ქოლგით ხელში წვიმიან ამინდში სეირნობდა პარკში. მას კოპლებიან კაბაში დასველებული გოგონა მიუახლოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო.
-გაგიმარჯოს კოპლებიან კაბიანო გოგონავ.
- ხო, დავსველდი. მხიარული სიცილით უთხრა გოგონამ.
- რითი შემიძლია დაგეხმარო? სერიოზული სახით დაუწყო ქალმა თვალიერება გოგოს.
- თქვენთან ლაპარაკი მინდა. რამოდენიმე კითხვა დაგისვათ შეიძლება?
- კითხვებს გააჩნია.
ისინი შევიდნენ იქვე კუთხეში მდებარე თბილ კაფეში. მოითხოვეს ფინჯანი ყავა და მარმელადები.
სვავდნენ ცხელ ყავას და საუბრობდნენ.
- მერე თქვენ არაფერი ცადეთ მის დასაბრუნებლად? ეკითხებოდა კოპლებიან კაბიანი გოგო, თან ცხელ ყავას სულს უბერავდა.
- ცდით როგორ არ ვცადე.. ბევრი ვცადე. საკმარისზე მეტი. ვხვდებოდი, რომ ცდას არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა და ჩემს თავში ტრიალებდა სიტყვა "იქნებ".
- იქნებ მიხვდეს თავის შეცდომას?
- სწორედ მაგ იქნებმა დამღუპა. :)
იმედი პირველი უნდა მოკლა. უნდა შეხედო რეალურად მოვლენებს და იმედი იქვე გაანადგურო. სულელებს უთქვამთ იმედი ბოლოს კვდებაო, მე კი გეუბნები იმედი პირველი უნდა გაანადგურო ასეთ შემთხვევაში. იმედი იმდენ არასწორ საქციელს ჩაგადენინებს, მერე ინანებ. საკუთარ თავზე გაგულისდები.
-თქვენ მე მეცოდებით..
-აქ უშვებ შეცდომას. არასოდეს, არავინ შეიცოდო პატარა გოგოვ.
მე არაფერი არ მაქვს შესაცოდი.
ვცოვრობ ისე, როგორც ეს ჩემს გულს გაუხარდება.
ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ხელებს გაუხარდება.
ვიყურები იქით, საითაც ჩემს თვალებს უნდათ ყურება.
გადაწყვეტილებებს ვიღებ ისე, როგორც ამას ჩემი ტვინი გადაწყვეტს.
ვიქცევი ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
მიყვარს ისე, როგორც მე ეს მასწავლეს.
No comments:
Post a Comment