ყურძნის ფოთლების შრიალი მესმოდა,
მესმოდა კნავილი...
ხალათების შრიალი,
თეთრი ხალათების გადახსნილი ღილები,
სქელ ტუჩებზე გათხაპნილი წითელი პომადები,
არასასიამოვნო და ცოტა თავხედური, მსუქანი სიცილი.
სპირტის სუნით გაჟღენთილი ოთახი
და ამ ოთახში საჰაერო ბუშტივით გაბერილი ქალების გრძელი რიგი. ყურძნის ფოთლების შრიალი მესმოდა,
მესმოდა კნავილი...
წყლის ბოთლები, უაზრო ნაბიჯები ოთახის ირგვლივ,
უცნაურად მზირალი დედამთილების თვალები.
"შემდეგი," ხალხში შფოთია..
ოთახში შემოდის ყურებამდე გაღიმებული გოგონა,
კმაყოფილი სახით მიდის მსუქან, უგემოვნოდ ჩაცმულ მამაკაცთან და ერთად გადიან გარეთ.
მე მაინც მესმოდა კნავილი...
იცდი, სანამ ძალა გაქვს ითმინო ეს აუტანელი სპირტის სუნი.
დრო მიდის... გული უფრო გამალებით იწყებს ცემას და
შენც შედიხარ ვეშაპის ხახაში, რომელიც
არც თუ ისე გემოვნებით, თუმცა
კომფორტულად მოწყობილი ოთახია.
აღარ მესმის კნავილი...
ღრმა სიჩუმეა, სუნთქვას ვიკავებ რომ არ დავარღვიო ეს სიჩუმე.
ვწვები ტყავის საწოლზე.
თეთრი კაცი მაშტერდება...
მეკითხება რაღაცას,
ვპასუხობ რაღაცას.
მხოლოდ პირის მოძრაობას ვხედავ, ხმა არ მესმის.
ჭაღარა კაცი მუცელზე მეფერება.
ხელს ზემოთ და ქვემოთ აცურებს.
მეღიტინება.
კნავილი აღარ მესმის...
გალობა შემომესმა ქალწულისა
და ჩვენ ერთხმად ავტირდით...
No comments:
Post a Comment