Wednesday, December 14, 2011

კლინიკა "ბილი" ნაწილი 6. ლექსო.

ლექსო იჯდა თავის ოთახში და ხატავდა რაღაცას. ხატავდა, მერე ჯღაბნიდა და ხევდა ფურცლებს.
ასე უამრავი დახეული ფურცლები ეყარა ძირს. ოთახის კედლებიც მოხატული ჰქონდა.
ყვითელ კედლებზე დახატული იყო ხეები, რომლებსაც უალამაზესი ტოტები ჰქონდა და ისინი სრულიად ახალ ნახატს ქმნიდნენ.
ლექსოს ერთი ნახატი რამოდენიმე ნახატს შეიცავდა. ზოგი რას ხედავდა, ზოგი რას.
დიახ, ლექსო არ შემდგარი მხატვარი გახლდათ.
ხატვა მისთვის იმხელა განტვირთვის საშუალება იყო, რომ ბევრ თერაპიის კურსს აჯობებდა.
ერთხელ პირადი ექიმი შევიდა ლექსოს ოთახში, როცა ყველა ერთად სადილობდა. ოთახში არავინ იყო. უჯრები გამოალაგა. ქურდივით ეძებდა ალმასს. და აი იპოვა, ბოლო უჯრაში, დიდ საქაღალდეში ჩადებული. ეს ალმასი ლექსოს ერთ-ერთი ნახატი იყო.
ექიმი ჩამოჯდა პაციენტის საწოლზე და უყურებდა ნახატს. ყოველ დეტალს კარგად აკვირდებოდა.  ნახატის არსის შეცნობა პაციენტის მკურნალობის მეთოდს წაეხმარებოდა. არ უნდოდა ლექსოს შემოესწრო, მარა ისე გაიტაცა ნახატმა, თვალს არ აშორებდა და დროის შეგრძნება დაკარგა.
რა ეხატა?
ნახატზე გამოსახული იყო დიდი კლდე, რომლის ნაპირზეც იდგა ახალგაზრდა მამაკაცი. კლდის პირის ქვეშ კი ხრამი იყო, უშველებელი ხრამი სიკვდილისა. ხრამი, რომელიც ბევრ სასაფლაოს მოიცავდა.
რამდენი ადამიანი შეუჭამია ამ ხრამს...
რამდენის სისხლი დაულევია...
რამდენის ცრემლიანი თვალები უნახავს...
რამდენის სასოწარკვეთილი მზერა...
რამდენი გული უნახავს გატეხილი...
 მოხუცი იყო ხრამი და უყურებდა ცხოვრების ყველა საშინელ მონაკვეთს. ყოველ დღე, ახალ-ახალი პიროვნებები მოდიოდნენ მასთან. ჩერდებოდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, მას მიანდობდნენ თავიანთ თავს, სიცოცხლეს...
ხრამს უნახავს სუსტი ადამიანებიც, ჭკვიანებიც.
უხაროდა როცა მასთან მოსული ადამიანი ფიქრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.
როცა იდგა ადამიანი, ფიქრობდა, ეკეტებოდა, სურვილი მოუვლიდა, ვეღარ აზროვნებდა და ამ დროს ეს ძაფი წყდებოდა და ან ხტებოდა, ან უკან იხევდა.
უნახავს ბევრი ისეთიც, რომელიც დროზე მიმხვდარა, რომ სისულელეს აკეთებს და სრულიად საღი გონებით დაბრუნებულან უკან.
უნახავს, თუ როგორ გადაარჩინა ერთმა ადამიანმა მეორე. კლდის პირას მისული გოგონა, როგორ გამოაცალა ბიჭმა ხრამის ხახას.
ბევრი რამ ენახა ხრამს.
ნახატში ეს ყველაფერი ასახული იყო. ისე დაეხატა ლექსოს ხრამი, რომ ამ ყველაფერზე ნახატი ყვებოდა.
კიდეზე იდგა ახალგაზრდა ვაჟი. თითები გადაეჯვარედინებინა. ისეთი ლამაზი თითები ჰქონდა, როგორიც ლექსოს. ექიმის თითებს ეძახის ზოგი. მთელი მომხიბლელობა ამ ნახატის,  ვაჟის გამომეტყველებაში იყო. მშვიდი სახე ჰქონდა, თუმცა იმდენ რამეს ამბობდა ეს სახე, მთელი მისი ცხოვრება სახეზე ეწერა.
ფეხები შორი შორს დაედგა, ფართო ჯინსი ეცვა, ბათინკები, რომელზეც ზონრები შეხსნოდა, თხელი მაისური,  რომელსაც ქარი უკან ქაჩავდა და შემოხევას ცდილობდა. თმა გაჩეჩვოდა და ხელები გაეშალა ძირს ჩამოშვებული ფრთებივით.
სახე საუცხოოდ მეტყველი ჰქონდა. გამოხატავდა ბევრ ემოციას. ასევე ერთმანეთის გამომრიცხავ გრძნობებს აღგიძრავდათ.
თვალებში შიში და სიმტკიცე ერთად გამოსჭვიოდა. რომ ჩაგხედათ მათში, წაგიყვანდათ შორს. ასეთ თვალებს ბევრი ვერ უყურებს. ალბათ ეშინიათ არ წაიყვანოს ისეთ ადგილას, საიდანაც უკან დაბრუნება გაუჭირდებათ. ხო, დიდი გამბედაობა უნდა რომ ჩახედო ასეთ თვალებს. მათში წაიკითხავდით ყველაფერს.
სასოწარკვეთა ყვიროდა მისი ქუთუთოებიდან და საშველად იხმობდა ვიღაცას.
ამ სამყაროში დაკარგულ ბავშვს გავდა ნახატზე გამოსახული ადამიანი. წამწამებზე წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა. წვიმდა მის თვალებზე. მისი თვალებიდანაც წვიმდა.
ის იყო ადამიანი, რომელსაც მეგობრები არ ჰყავდა.
ადამიანი, რომელსაც ფორმალური მშობლები ჰყავდა.
 ადამიანი, რომელიც სამყაროს გარეთ არსებობდა. სამყაროში, სადაც არ არსებობდნენ ადამიანები და მხოლოდ მისი ნახატებიდან გადმოსული პერსონაჯები დაიარებოდნენ.  ბიჭი მათ საკუთარ თავზე კარგად იცნობდა და მათთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა. პერსონაჟები, რომლის თითოეულ მათგანში მისი ნაწილი იმალებოდა, ნაწილი, რომელსაც ვერ იტანდა. ამის გამო არ ეკარებოდა არც ერთ მათგანს.
მისი სამყარო ფეხმძიმედ იყო, საიდანაც ყოველ დღე ახალ ახალი პერსონაჟები იჩეკებოდნენ. ახალ-ახალი ნაკლებით, ახალი დაავადებებით. კეთროვანები გეგონებოდათ, ისე ერიდებოდა მას კლდის კიდეზე მდგარი მამაკაცი.
იდგა იგი და იცოდა რა ადვილი იყო ერთ ნაბიჯში ყველაფერი დაემთავრებინა. გარდაიცვლებოდა ორსული სამყარო, მოკვდებოდნენ მისივე შექმნილი პერსონაჟები, სამუდამოდ დაიძინებდნენ მისი თვალები, შეაშრებოდა წვეთები წამწამებზე, დახუჭავდა თვალებს და არასოდეს, აღარასოდეს გაახელდა, რათა არ ენახა სამყარო, რომელშიც ფორმალურად იყო ჩაწერილი. სამყარო, რომელშიც შეცდომით მოხვდა.
ტვინი გაეყინა და თვალებით აზროვნებდა. თვალის გუგები სკლერას ზნიქავდა და მიიწევდა სიღრმეში. სუიციდის სურვილი იხმობდა იქ.
რა მრავალმნიშვნელოვანი სიტყვაა "იქ".
გადახტეს თუ არა? აი ეს კითხვა აისახებოდა მის სახეზე. ტუჩები გაფითრებოდა და გაშრობოდა. თითების შეხება რომ შეგძლებოდათ, ნახავდით რა ცივი იყო.
იდგა და თვალებით ზომავდა რა ექნა. გადაწყვეტილების არჩევის ზღვარზე იყო ნახატი დახატული.
 ექიმი ფიქრობდა და ვერ მიმხვდარიყო რას გადაწყვეტდა ნახატი ბიჭი. ყველაფერს ნათლად ხედავდა ექიმი ნახატზე. ბიჭის ფიქრებსაც კი. აი გადაწყვეტილებას კი  როგორს მიიღებდა კლდის პირზე მდგარი ვაჟი, ვერ მიმხვდარიყო.
ნახატს მეორე ნაწილიც უნდა ჰქონოდა. მეორე ნაწილი, რომელშიც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რას გააკეთებდა. მეორეში უკვე ნამოქმედარის შედეგი იქნებოდა. შედეგი, რომელიც არავინ იცოდა ნახატის ავტორის გარდა. ვერც მიხვდებოდით ვარაუდით, რადგან არავინ იცოდა რაზე ფიქრობდა ლექსო, რას გადაწყვეტდა იგი.
ნახატზე ხომ თვით ავტორი იყო გამოსახური არჩევaნის ზღვარზე.

3 comments:

  1. rogorc yoveltvis-tavcecxl.... argvimtyune da amartleb imedebs

    ReplyDelete
  2. vici :) magram asea sachiro...

    ReplyDelete