Sunday, December 18, 2011

კლინიკა "ბილის" არქივიდან. უცნობი ავტორის წერილი. ნაწილი 7

არსებულისა და არარსებულის გასაყარი.


ვგრძნობ როგორ ვსუნთქავ,
მე ცოცხალი ვარ.
ვგრძნობ როგორ მინდა, როგორ ვოცნებობ, როგორ ვფიქრობ.
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.
ვგრძნობ როგორ მცივა თბილ ოთახში.
ვგრძნობ როგორ მეძინება და არ მაძინებს ეს შეგრძნება.
უკვე გულს მირევს.
აირია ჩემი გრძნობები ერთმანეთში და ვერცერთს ვერ უპოვია თავისი თავი ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით.

სიძულვილი სიყვარულს ჩაბღაუჯებია და არ უშვებს. ისე გადაჯაჭვულან, რომ ერთმანეთს ვერ მოაცილებ. გაკვანძული და მოჭერილია კვანძი. შედეგად, ვერც სიყვარულს ამოუსუნთქია,  ვერც სიძულვილი არის თავის ნებაზე მიშვებული. ვერც ერთი ვერ არსებობს ისე, როგორც ეს თავად მათ სურთ. სიძულვილი არ აცლის სიყვარულს გაშლას, სიყვარული კი თავის მხრივ ვერ ატკბობს სიძულვილს. ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში. ეს არის ორი გრძნობა, რომელიც არასდროს შერიგდება, არასდროს შეეგუება ერთმანეთს. ყოველთვის იქნებიან ცალ-ცალკე, თავიანთი საკუთარი რწმენით გაჟღენთილები. ერთმანეთთან ასე ახლოს და ერთმანეთისგან ასე შორს.
სიყვარული: - ეხლა ხედავ როგორ მტკივა?
სიძულვილი: - აიტან!

ტკივილი, თავისი ფესვებით გარს შემოხვევია გულის გარსს. მთლიანად დაუფარავს მისი კანი. ტკივილი, გულის პატიმარი. გული, ციხე ტკივილისა, სადაც იგი იხდის სამუდამოდ მისჯილ სასჯელს.
ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, წამზომივით. ჩვეულებრივზე ნელა გააქვს ბაგაბუგი გულს.
ბაგ-ბუგ, ტკივლი იბერება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი იბევრება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ბერდება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ჭკნება.
ასე ბაგაბუგით, ასე წამზომივით, ასე ნელა-ნელა, ასე ჩუმად და ასე ზოზინით გადის წამები,  წუთები, საათები და მერე წლები და საუკუნეები. ტკივილი იგივე საკანში, იგივე კუთხეში ზის და უცდის როდის ჩამოკრავს სამუდამოს ზარი, რათა გათავისუფლდეს.


სიმარტოვე ყველასთან ჩახლართულია და ყველა გრძნობას უერთდება. სიყვარულიც, სიძულვილიც და ტკივილიც გრძნობს მას. სიმარტოვე მოიცავს ამ დროს. ყველა წამი მისია.


ვსრისავ, ვჭყლიტავ, ვზილავ გაქვავებულ სხეულის ნაწილს.
პეპლები დაფრინავენ მუცელში. ერთ-ერთი მათგანი, მუქი ლურჯი ფრთებით ამოფრინდა ყელამდე, აფახულებს ფარფლებს და მიღიტინებს. მეღიტინება. გაიჭედა პეპელა და ვეღარც უკან ჩადის, და ვერც ყელიდან ამოსვლას ახერხებს. აფახულებს უძლურად ფრთებს, დახმარებას ითხოვს დანამული თვალები. მე  მეღიტინება.
bubbles, bubbles, bubbles...
პეპელას ფრთები სულ დაუსველდა. ნერწყვში დამბალი ფრთები დამძიმდა და ჩასრიალდა უკან მუცლის ღრუში.
პეპელას ასაფლავებენ.

2 comments:

  1. shen kalams okros cveri akvs :)

    ReplyDelete
  2. მე ბილის ეს ნაწილი მომწონს ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად :)

    ReplyDelete