Saturday, April 21, 2012

ცხოვრების ორი მხარე: სალომე და დათა (1 ნაწილი)

სალომეს უცებ გამოეღვიძა და საათს დახედა.
საათმა 05:20 აჩვენა.
ისევ გადაწვა ლოგინზე, თმები ბალიშს მოჰფინა.
ჯერ ძალიან ადრეა-გაიფიქრა მან და ფეხის გული მეორე ტერფის თითებს გაუხახუნა.

როდესაც სალომე საათს უყურებდა, ამ დროს დათა ხატავდა.
ხატავდა სურათს, რომლის დასრულება ვერა და ვერ მოახერხა. ყველაფერი კარგად ჰქონდა შესრულებული, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც შტრიხი აკლდა და სანამ არ იპოვნიდა, მანამდე ნახატი დასრულებულად არ მიაჩნდა.

სალომე იცმევდა ჯინსის შარვალს.
 მოვიმატე, ძლივს ვეტევი-გაიფიქრა. ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდო და ერთი კომბინიზონიც არ მაწყენდა.
როცა სალომე იცმევდა და სარკეში თავს იწესრიგებდა, მაკიაჟს იკეთებდა, ამ დროს დათა წვერს იპარსავდა და სარკეს ხან ერთ ლოყას შეუშვერდა, ხან მეორეს.
როდესაც სალომე ექიმთან იჯდა და მას გინეკოლოგი ესაუბრებოდა თუ როგორ ვითარდებოდა ნაყოფი, როდესაც სალომე მუცელზე ხელს ზევით-ქვევით ასრიალებდა, დათა ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ცდილობდა შლემი თავზე მოერგო ერთი ხელით.
ველოსიპედზე მოთავსდა დათა და ჩაიარა მწვანეფოთლება ხეების მთელი რიგი.

-ზუსტად ერთ კვირაში 4 თვე შეუსრულდება პატარას.
- სქესის გაგება მინდა ექიმო.
-თუ გამოჩნდა.. არ გაინძრეთ.. ჩანს... ჩანს...
-... (სალომე ექიმის ტუჩებს დაშტერებოდა, რას იტყვისო)
_ ბიჭია პაწია. :)
- თორნიკე.
-ასე დაარქმევთ?
-  თორნიკე, მამამისის მსგავსად.

- არ შეიძლება ამდენი დალევა. ვერც კი გრძნობ როგორ გშლის სასმელი.
- სასმელი მეხმარება მე.
- დათა, როგორ შეიძლება გეხმარებოდეს ის, რაც განადგურებს. წინ დიდი მომავალი გაქვს.
- არ შემიძლია მუშაობა ფხიზელ მდგომარეობაში.
- ეს უკვე სენია.
-სენი, რომელიც მაჭმევს პურს.

სალომემ ყურთსასმენები მოირგო და საავადმყოფოდან გამოვიდა. 3 საათი სრულდებოდა. My Baby Just Cares For Me-ს ფონზე Nina Simone-ს შესრულებით მიაბიჯებდა ქუჩაში, როდესაც დათა გალერეას ეძებდა გამოფენისთვის.

დათამ მაჯის საათს დახედა. ზუსტად 3 საათი იყო.
სალომემ მობილური ამოიღო და ეკრანს დახედა. 15:00


მაღაზიაში გავლას მოვასწრებ. თოკოსთვის ტანსაცმელს ავარჩევ. -გაიფიქრა სალომემ.
გავივლი საკანცელარიოში, იქნებ ახალი ფერები ჰქონდეთ.- გაიფიქრა დათამ.

სალომე ყურთსასმენებით მიაფრიალებდა სალათისფერ სარაფანს იმდროს, როცა დათა ველოსიპედზე ფეხებს ძლიერად ამუშავებდა.

1 comment: