Tuesday, December 27, 2011

ახალი წელი კლინიკა ბილში. ნაწილი 8.

კლინიკის დიდი ოთახის კუთხეში ენთო ბუხარი და პაციენტები შემოსხდომოდნენ გარშემო. ჩაის დღე ჰქონდათ და საუბრობდნენ ერთმანეთში.
პაციენტებს შორის არ იყო ლაილა და მიმი.
ექიმებმა გადაწყვიტეს ისინი მარტო დაეტოვებინათ, რათა უფრო დაეახლოვებინათ ერთმანეთთან და არც მედდებს და არც ექიმებს შეუწუხებიათ ისინი.
ახალი წელი ახლოვდებოდა, რამოდენიმე საათი რჩებოდა.
ისხდნენ პაციენტები და საუბრობდნენ ათას წვრილმან რამეზე. ნელ-ნელა მათ გარემოში ძალიან თბილმა აურამ დაისადგურა. ცეცხლის ბრალი იყო, სიბნელის თუ სიჩუმის, ან ყველაფერი ამის ერთად. მყუდრო გარემოს ქმნიდა ოთახში სიბნელე, რომელიც მხოლოდ ბუხრის ცეცხლით იყო განათებული და ადამიანის სახეებს ეფინებოდა ნახევრად. შეიძლება ამ გარემოს ისიც ქმნიდა, რომ ისინი ერთმანეთს  ვერ ხედავდნენ მთლიანად. ცეცხლს ოდნავ მოშორებით ჯდომით ისინი სიბნელეს იხურავდნენ სახეზე, თვალებზე და უფრო უადვილდებოდათ ასე საუბარი.

სელი: რა ცუდია თოვლი რომ არ გვაქვს ამ ახალ წელს.
ბრიჯითი: ჰო, არადა უნდა მოსულიყო. მე მჯეროდა რომ მოვიდოდა.
სელი: თოვლის გარეშე ახალ წელს ეკარგება ხიბლი.
ბრიჯითი: ნუ წუწუნებ, ახალი წელი მოდის. წუწუნით უნდა შეხვდე? ასეთს რომ გნახავს არაფერ კარგს აღარ გამოიმეტებს შენთვის.
სელი: არც ველი კარგს არაფერს.
ბრიჯითი: პესიმისტი ხარ!
სელი: ჰო ვარ, ჩემნაირი ცხოვრება რომ გქონოდა...
ბრიჯითი: ცხოვრებაზე შენ არ უნდა ლაპარაკობდე. მამას უსაზღვროდ უყვარხარ და შენს გარდა ამას ყველა ხედავს.
შენზე ვიღაცა მაინც ზრუნავს...
სელი დადუმდა.
--------------------------------------------------------------------------------
გიგა: რას აკეთებ?
ალექსანდრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია. იისფერი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდე. თოვლი თეთრია ფიფქები კი ფერადი. ფიფქებს როცა ცვივა მაშინ უნდა უყურო და არა როცა ჩამოვარდება ძირს.
გიგა: შენ საიდან ამდენი ჩიტო?
ალექსანდრა: მე ვუყურებ შენგან განსხვავებით.
გიგა: არ გინდა აგრესია. კარგად ვარ შენდამი განწყობილი.
ალექსანდრა: ...
გიგა: მონატრება რა ფერია?
ალექსანდრა: გააჩნია როგორ გენატრება.
გიგა: მონატრებაც სხვადასხვანაირია?
ალექსანდრა: რა თქმა უნდა. გააჩნია ვინ გენატრება და რა სიძლიერით. მე, მაგალითად, მწვანედ მენატრება და. ღია მწვანედ.
გიგა: ალექს, სიყვარული რა ფერია:
ალექსანდრა:... ჩემი სიყვარული?
გიგა ჰო აი შენი.
ალექსანდრამ უცნაურად შეხედა გიგას, თითქოს პირველად ხედავდა. უაზრო მზერას ამოიკითხავდით მის სახეზე.
ალექსანდრა: ვინ ხარ?
გიგა: გიგა, ვარ გიგა. ერთ-ერთი პატიმარი ამ კლინიკისა. :)
ალექსანდრა: მერე ჩემგან რა გინდა?
გიგა: რას აკეთებ?
ალექსადრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია.
...................................................................................
ლინდა: გიხარია ახლი წლის მოსვლა?
ნეფერტიტი: მიხარია.
ლინდა: მიზეზი?
ნეფერტიტი: ახალს ველი ყველაფერს. ახალი წელი, ახალი ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული. ახალი დღეები, ახალი მზე, ახალი გატეხილი ღამეები. ახალი სიტყვები.
ლინდა: და ახალი ადგილი ხო? კლინიკიდან გასვლას არ გპირდება ახლი დღეები?
ნეფერტიტი: კლინიკიდან მე არ წავალ. ესაა ჩემი სახლი, აქაა ჩემი გული. უგულოდ სხვაგან ვერ ვიარსებებ.
ლინდა: აქედან წასვლა არ გინდა? რა სისულელეა. ამ წელს აქედან გავალ.
აღარ დავლევ ყოველ დღე წამლებს.
აღარ შევჭამ ამ მოსაბეზრებელ საჭმელს.
აღარ ვილოცებ ძილის წინ და დილით.
აღარ ვუყურებ ამ სულელურ ტელეგადაცემებს.
აღარ ვუყურებ ერთიდაიმავე სახეებს.
აღარ დავიძინებ 10 საათზე და აღარ ავდგები დილით 7ზე.
ვივლი სადაც მინდა და როგორც მინდა.
შევჭამ დიდ ჰამბურგერებს და დავლევ კოკა კოლას.
დავიძინებ როცა მინდა და შუადღემდე ვიძინებ.
წავალ ატრაქციონებზე.
გადავყრი წამლებს.
გავიცნობ ახალ ხალხს და მათთან ერთად მოვწევ და დავლევ გათიშვამდე.
ვივლი კლუბებში საცეკვაოდ.
ნეფერტიტი დუმილით და საცოდავი სახით უყურებდა თუ როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ამ ყველაფერს ლინდა და ერთი წამით გაიფიქრა: ლინდას თავისუფლება უნდა.
შემდეგ თავის პატარა ბლოკნოტში ჩაწერილი სიტყვები ამოიკითხა:
" როცა ღვინით დათრობის აზრებს ჩაწვდება ბუნდოვანება,
მაშინ ვგრძნობთ სიმთვრალის გემოს.
როცა სიზმრებს ნაკლოვანება გაეკარება,
მაშინ ვთხოვთ ჩვენს სულს გვენდოს."
ნეფერტიტი: გილოცავ ახალ წელს ლინდა.
---------------------------------------------------------------------------
თორნიკე: ნუ ტირი, ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ხომ გეუბნებოდი არ უნდა დარჩენილიყავი ამ კლინიკაში. გაინდგურე მომავალი.
სიუზი: შენ ხარ მომავალი, არ გესმის? არ შემეძლო დამეტოვებინე ამ კლინიკაში მარტო. ერთად ყველგან, სადაც არ უნდა იყოს.
თორნიკე: მიატოვე ყველა და ყველაფერი.
სიუზი: მე უფრო მყვარებიხარ, ვიდრე შენ.
თორნიკე: სისულელეებს ამბობ.
სიუზი: არაა სისულელე თოკო. ყოველთვის მე ვთმობ მეტს, ვიდრე შენ. ყოველთვის ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ ჩემგან თავის დაღწევას ცდილობ.
თორნიკე: სიუზ, სიუზ, გაჩერდი.
სიუზი: თავს მიტოვებულად ვგრძნობ.
და აუვარდა გოგოს ტირილი. თორნიკე ფანჯარასთან იდგა და ხმას არ იღებდა.
თორნიკე: ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ჩამეხუტე.
თორნიკე და სიუზი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მათი სითბო ჩაიღვარა სხვების გულებშიც.

გარეთ კი წვრილად თოვდა...

1 comment:

  1. dzaan cicabo mcvervali iyo-pirveli shturmit veravige... cota dopingi damchirda... rogorc yoveltvis--sulis yvelaze bnel kunchulebshi borgavs da aporiakebs

    ReplyDelete