Wednesday, January 25, 2012

ჩანაწერი "ბილის" კლინიკიდან ნაწილი 10. (ლიზი)

წერილი რომელიც იპოვეს 15 იანვარს.

- რატომ ნერვიულობ წინასწარ?
ახალი წელი ხომ ჯერ არ მოსულა?
წინასწარ ნერვიულობ ახალი წლის თაობაზე, როცა ასეთი დიდი დროა წინ.
რა იცი რა მოხდება მანამდე?
არ იცი, ხოდა დაიცადე და ნახე.
თუ ასეთი მდგომარეობა იქნება, მერე ინერვიულე.
 - არაფერი რომ არ მოხდეს რა ვქნა?
მერე ვიტირო?

ძნელია იფიქრო რამეზე, როცა ამის წინაპირობა არ გაქვს.
რომ არ მოხდეს ის, რაც საჭიროა რა ვქნა?
როგორ გადავიტანო?
რა რთულია..
მიადვილდებოდა, მარა მოახლოვდა ნოემბერი, მოვა ზამთარი, ახალი წელი, დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველა დღესასწაულზე დამეწყება ნევროზები.
ახალ წელზე განსაკუთრებული გაჭედვები მაქვს..
უკვე დაიწყება ქუჩების მორთვა შუქებით და მე ამის დანახვაზე კანკალი დამეწყება.
აი, ვზივარ კლინიკაში და ვწერ.

 
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
 არ ვარ მე დაავადებული, თუმცა ყველა ავადმყოფი ამას ამბობს. არა მე მართლა არ ვარ ავად, რაღაც შეცდომა მოხდა. არსებობს დროებითი საშუალებები, რომელიც ცოტა ხნით განგკურნავს, მარა როდესაც რამოდენიმეჯერ ცდი ამა თუ იმ საშუალებას უკვე ხვდები რომ აღარ მოქმედებს. ყველა ახალ საშუალებას აქვს ეფექტი შენი ღრმა რწმენიდან  გამომდინარე.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ჩანაწერების გაკეთება რაღა საჭიროა. და ეს ჩანახატები საერთოდ.
ფებეხი მეწვის...
 ხოდა რაზე ვლაპარაკობდი? ხო ახალ წელზე და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.
რა ვქნა? იქნებ მირჩიოთ რამე? ამ კლინიკაში არავინაა ჩემნაირ საღ გონებაზე. მე ვარ? კი ვარ.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ვაკეთებ
ჩანაწერებს და არ ვიღლები წერით. კალმის ჭერისგან გამიბუჟდა შუა თითი და მესმის კლავიატურის წკაპუნი. როგორი გულწრფელია ყოველი სიტყვა. მხოლოდ ამ კლინიკის მცხოვრებლებს შეუძლიათ ასე. ყველა აქ მკვიდრი წმინდაა და ყოველი მათი სიტყვა უმანკო.
 რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი ახალ წელთან დაკავშირებით? ეს ახალი წელი ხომ არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს? დაფარულად გამოვთქვა ჩემი უკმაყოფილება ეხლანდელ ახალ წელთან თუ, დავწერო ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეშია? არა როდის ვიყავი მე გამბედავი რომ ეხლა გავაკეთო ეს? თან, მკითხველი ან მკითხველები, მე რა ვიცი, რომ არ წაიკითხავენ? არ ვიცი.
და გავაგრძელებ წერას ისე, როგორც მე ვიცი და არავინ სხვამ.
ვიწყებ ლაპარაკს ახალ წელზე და ვამთავრებ სულ სხვა რაღაცაზე.. უცნაურია.
ახალი წელი თავისი ჰაი ჰუითი, თავისი
Jingle bells-ით, თავისი “ხლაპუშკებით“.
ვის უნდა ეს?
ყველას. ყველას, ჩემს გარდა. ახალი წლით ყველა ისიამოვნებს ჩემს გარდა.
მე ვიჯდები ამ კლინიკის  ოთახში და ან წერით შევიქცევ თავს, ან ტელევიზორში ვუყურებ როგორ ერთობა ხალხი.  შურით გავსკდები, ბოღმა დამახრჩობს. დამახრჩობს, რადგან მე არ შემიძლია ვიყო ისეთი ბედნიერი, როგორც ის ხალხია. არადა შემეძლო ვყოფილიყავი. ამ კლინიკაში რომ არ გამოვემწყვდიე იმ წყეულს, მეც ასე გავიხარებდი. გამახსენდება ის, რაც არ უნდა გამახსენდეს, ვიბღავლებ და რომ დავიღლები ტირილისგან, ტკბილად ჩამეძინება. ჩამეძინება ღამეს, როდესაც არვის სძინავს და ყველა ერთობა. მე მეძინება. ჩემ თვალდახუჭულ ფონზე ბურუსი შთანთქავს მხიარულ ხმებს, ღრეობას, სმით გათიშული ხალხის ცეკვას. და Massive Attack-ის
Live With me ლაიტმოტივად დაჰყვება ამ სანახაობას.
 გათენდება პირველი იანვარი და იქნება ისეთივე საშინელი, როგორიც ყოველთვის იყო. ეს პირველი იანვარიც იქნება ისეთი, როგორიც 24 წლის განმავლობაში იყო. არავითარი ცვლილება. დაიწყება 2012 წლის პირველი დღე. ახალი იმედებით, ახალი სიხალისით, სიახლეებით, ახლის მოლოდინით, ეს იმათთვის, ვისთვისაც ცხოვრება ღირებულია.
მე ვიჯდები კლინიკაში. ისევ მდორედ დაიწყება ეს წელიც. ისეთივე, როგორიც აქამდე იყო. არანაირი იმედები და არანაირი სიახლე.
დავლევ ჩემს წამლებს და ისევ დავიძინებ, რათა გავიღვიძო იგივე ადგილას, იგივე გუნებით და ვწერო, ვწერო იმაზე, რაც არავის აინტერესებს.


written on 15th of November 2011

By Liz

Tuesday, January 10, 2012

კლინიკა ბილი ნაწილი 9. ის, ვიღაც ქალი.

...თითებზე მეფერები თითებით. ხელზე მიხახუნებ შენს ხელს. ცხელ, გახურებულ შუბლს მადებ შუბლზე და მე ვწითლდები.  ეს სიმორცხვის სიწითლე არაა, შენი სითბო მათბობს და  სიმხურვალე მიწითლებს ლოყებს.
ყურში ჩუმად მჩურჩელებ რაღაც სიტყვებს. მე არ მესმის. არ შემწევს ძალა, გონება მოვიკრიბო და მოვისმინო ნათქვამი. შენი სიახლოვე მიფანტავს გონებას და ვეღარ ვაზროვნებ. ამ უნარს მართმევ და მიგაქვს შენთან, ინახავ იქ, სადაც ჩემი თითების მოფერება სულმდგმულობს.
მე ისეთი ლამაზი ვარ შენს გვერდით. სიხარულით მიციმციმებს თვალები. ჩემი თვალების კაშკაშით ვუნათებ გზააბნეულ მგზავრებს გზას.
მე ისეთი თბილი ვარ შენს გვერდით, ჩემს სითბოს ვუნაწილებ სხვა, უცხო ადამიანებს. ყოველ დილით სითბოს ვუნაწილებ ოჯახის წევრებს.
მე ისეთი ბედნიერი ვარ შენს გვერდით, სულ ვიღიმი. ჩემი დღეები სულ ღიმილიანია. მე ცაც მიღიმის, მზეც და ის ღრუბელიც, რომელსაც შენი დასველება გადაუწყვეტია.
მე ისეთი იდუმალი ვარ შენს გვერდით, მეგობრები ინტერესით მაკვირდებიან. მეკითხებიან და მსწავლობენ. ხელახლა ვიცნობ ჩემს მეგობრებს.
მე ისეთი ღარიბი ვარ შენს გვერდით, სიყვარულის, სითბოს, ალერსის და მოფერების მეტი ვერაფერს გაძლევ.
მე ისეთი ნიჭიერი ვარ შენს გვერდით, ლექსებს გიწერ, გიმღერი და ხოტბის სიტყვებს გასხამ. ლამაზი და კეთილი სიტყვები თავისით პოულობენ ადგილს ქაღალდზე და ლაგდებიან შესაფერის მწყობრში.
მე სანამ შენით ვცხოვრობ და ვსუნთქავ, იქ, სადღაც, ვიღაც ქალი იხრჩობა შენი წყურვილით. იქ, ვიღაცას გულს უკეპავენ და სისხლს წურწურით ადენინებენ. იქ, ვიღაც ქალი ზღვის წვეთებით ტირის.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო ბედნიერია.
იქ, ვიღაც ქალი უშენობამ განკურნა.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო მხიარულია.
იქ, ვიღაცა ქალი უშენოდ იღიმის.
იქ, ვიღაც ქალს შენზე უკეთეს ადამიანებთან აქვს ურთიერთობა.
იქ, ვიღაც ქალი სხვის თვალებს ხვდება, სხვის ხელებს, სხვის სითბოს.
იქ, ვიღაც ქალს უკეთესად ექცევიან.
იქ, ვიღაც ქალს შეუფასებელ კომპლიმენტებს ეუბნებიან.
იქ, ვიღაც ქალს ფუფუნებას აგრძნობინებენ.
იქ, ვიღაც ქალზე ზრუნავენ.
იქ, ვიღაც ქალი ხვდება, რა კარგია ცხოვრება შენს გარეშე.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უკეთ სუნთქავს.
იქ, ვიღაც ქალი კი არ არსებობს, ცხოვრობს.

ერთხელ უცნობი ქალი ქოლგით ხელში წვიმიან ამინდში სეირნობდა პარკში. მას კოპლებიან კაბაში დასველებული გოგონა მიუახლოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო.
-გაგიმარჯოს კოპლებიან კაბიანო გოგონავ.
- ხო, დავსველდი. მხიარული სიცილით უთხრა გოგონამ.
- რითი შემიძლია დაგეხმარო? სერიოზული სახით დაუწყო ქალმა თვალიერება გოგოს.
- თქვენთან ლაპარაკი მინდა. რამოდენიმე კითხვა დაგისვათ შეიძლება?
- კითხვებს გააჩნია.
ისინი შევიდნენ იქვე კუთხეში მდებარე თბილ კაფეში. მოითხოვეს ფინჯანი ყავა და მარმელადები.
სვავდნენ ცხელ ყავას და საუბრობდნენ.
- მერე თქვენ არაფერი ცადეთ მის დასაბრუნებლად? ეკითხებოდა კოპლებიან კაბიანი გოგო, თან ცხელ ყავას სულს უბერავდა.
- ცდით როგორ არ ვცადე.. ბევრი ვცადე. საკმარისზე მეტი. ვხვდებოდი, რომ ცდას არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა და ჩემს თავში ტრიალებდა სიტყვა "იქნებ".
- იქნებ მიხვდეს თავის შეცდომას?
- სწორედ მაგ იქნებმა დამღუპა. :)
იმედი პირველი უნდა მოკლა. უნდა შეხედო რეალურად მოვლენებს და იმედი იქვე გაანადგურო. სულელებს უთქვამთ იმედი ბოლოს კვდებაო, მე კი გეუბნები იმედი პირველი უნდა გაანადგურო ასეთ შემთხვევაში. იმედი იმდენ არასწორ საქციელს ჩაგადენინებს, მერე ინანებ. საკუთარ თავზე გაგულისდები.
-თქვენ მე მეცოდებით..
-აქ უშვებ შეცდომას. არასოდეს, არავინ შეიცოდო პატარა გოგოვ.
მე არაფერი არ მაქვს შესაცოდი.
ვცოვრობ ისე, როგორც ეს ჩემს გულს გაუხარდება.
ვაკეთებ იმას, რაც  ჩემს ხელებს გაუხარდება.
ვიყურები იქით, საითაც ჩემს თვალებს უნდათ ყურება.
გადაწყვეტილებებს ვიღებ ისე,  როგორც ამას ჩემი ტვინი  გადაწყვეტს.
ვიქცევი ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
მიყვარს ისე, როგორც მე ეს მასწავლეს.

Tuesday, December 27, 2011

ახალი წელი კლინიკა ბილში. ნაწილი 8.

კლინიკის დიდი ოთახის კუთხეში ენთო ბუხარი და პაციენტები შემოსხდომოდნენ გარშემო. ჩაის დღე ჰქონდათ და საუბრობდნენ ერთმანეთში.
პაციენტებს შორის არ იყო ლაილა და მიმი.
ექიმებმა გადაწყვიტეს ისინი მარტო დაეტოვებინათ, რათა უფრო დაეახლოვებინათ ერთმანეთთან და არც მედდებს და არც ექიმებს შეუწუხებიათ ისინი.
ახალი წელი ახლოვდებოდა, რამოდენიმე საათი რჩებოდა.
ისხდნენ პაციენტები და საუბრობდნენ ათას წვრილმან რამეზე. ნელ-ნელა მათ გარემოში ძალიან თბილმა აურამ დაისადგურა. ცეცხლის ბრალი იყო, სიბნელის თუ სიჩუმის, ან ყველაფერი ამის ერთად. მყუდრო გარემოს ქმნიდა ოთახში სიბნელე, რომელიც მხოლოდ ბუხრის ცეცხლით იყო განათებული და ადამიანის სახეებს ეფინებოდა ნახევრად. შეიძლება ამ გარემოს ისიც ქმნიდა, რომ ისინი ერთმანეთს  ვერ ხედავდნენ მთლიანად. ცეცხლს ოდნავ მოშორებით ჯდომით ისინი სიბნელეს იხურავდნენ სახეზე, თვალებზე და უფრო უადვილდებოდათ ასე საუბარი.

სელი: რა ცუდია თოვლი რომ არ გვაქვს ამ ახალ წელს.
ბრიჯითი: ჰო, არადა უნდა მოსულიყო. მე მჯეროდა რომ მოვიდოდა.
სელი: თოვლის გარეშე ახალ წელს ეკარგება ხიბლი.
ბრიჯითი: ნუ წუწუნებ, ახალი წელი მოდის. წუწუნით უნდა შეხვდე? ასეთს რომ გნახავს არაფერ კარგს აღარ გამოიმეტებს შენთვის.
სელი: არც ველი კარგს არაფერს.
ბრიჯითი: პესიმისტი ხარ!
სელი: ჰო ვარ, ჩემნაირი ცხოვრება რომ გქონოდა...
ბრიჯითი: ცხოვრებაზე შენ არ უნდა ლაპარაკობდე. მამას უსაზღვროდ უყვარხარ და შენს გარდა ამას ყველა ხედავს.
შენზე ვიღაცა მაინც ზრუნავს...
სელი დადუმდა.
--------------------------------------------------------------------------------
გიგა: რას აკეთებ?
ალექსანდრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია. იისფერი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდე. თოვლი თეთრია ფიფქები კი ფერადი. ფიფქებს როცა ცვივა მაშინ უნდა უყურო და არა როცა ჩამოვარდება ძირს.
გიგა: შენ საიდან ამდენი ჩიტო?
ალექსანდრა: მე ვუყურებ შენგან განსხვავებით.
გიგა: არ გინდა აგრესია. კარგად ვარ შენდამი განწყობილი.
ალექსანდრა: ...
გიგა: მონატრება რა ფერია?
ალექსანდრა: გააჩნია როგორ გენატრება.
გიგა: მონატრებაც სხვადასხვანაირია?
ალექსანდრა: რა თქმა უნდა. გააჩნია ვინ გენატრება და რა სიძლიერით. მე, მაგალითად, მწვანედ მენატრება და. ღია მწვანედ.
გიგა: ალექს, სიყვარული რა ფერია:
ალექსანდრა:... ჩემი სიყვარული?
გიგა ჰო აი შენი.
ალექსანდრამ უცნაურად შეხედა გიგას, თითქოს პირველად ხედავდა. უაზრო მზერას ამოიკითხავდით მის სახეზე.
ალექსანდრა: ვინ ხარ?
გიგა: გიგა, ვარ გიგა. ერთ-ერთი პატიმარი ამ კლინიკისა. :)
ალექსანდრა: მერე ჩემგან რა გინდა?
გიგა: რას აკეთებ?
ალექსადრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია.
...................................................................................
ლინდა: გიხარია ახლი წლის მოსვლა?
ნეფერტიტი: მიხარია.
ლინდა: მიზეზი?
ნეფერტიტი: ახალს ველი ყველაფერს. ახალი წელი, ახალი ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული. ახალი დღეები, ახალი მზე, ახალი გატეხილი ღამეები. ახალი სიტყვები.
ლინდა: და ახალი ადგილი ხო? კლინიკიდან გასვლას არ გპირდება ახლი დღეები?
ნეფერტიტი: კლინიკიდან მე არ წავალ. ესაა ჩემი სახლი, აქაა ჩემი გული. უგულოდ სხვაგან ვერ ვიარსებებ.
ლინდა: აქედან წასვლა არ გინდა? რა სისულელეა. ამ წელს აქედან გავალ.
აღარ დავლევ ყოველ დღე წამლებს.
აღარ შევჭამ ამ მოსაბეზრებელ საჭმელს.
აღარ ვილოცებ ძილის წინ და დილით.
აღარ ვუყურებ ამ სულელურ ტელეგადაცემებს.
აღარ ვუყურებ ერთიდაიმავე სახეებს.
აღარ დავიძინებ 10 საათზე და აღარ ავდგები დილით 7ზე.
ვივლი სადაც მინდა და როგორც მინდა.
შევჭამ დიდ ჰამბურგერებს და დავლევ კოკა კოლას.
დავიძინებ როცა მინდა და შუადღემდე ვიძინებ.
წავალ ატრაქციონებზე.
გადავყრი წამლებს.
გავიცნობ ახალ ხალხს და მათთან ერთად მოვწევ და დავლევ გათიშვამდე.
ვივლი კლუბებში საცეკვაოდ.
ნეფერტიტი დუმილით და საცოდავი სახით უყურებდა თუ როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ამ ყველაფერს ლინდა და ერთი წამით გაიფიქრა: ლინდას თავისუფლება უნდა.
შემდეგ თავის პატარა ბლოკნოტში ჩაწერილი სიტყვები ამოიკითხა:
" როცა ღვინით დათრობის აზრებს ჩაწვდება ბუნდოვანება,
მაშინ ვგრძნობთ სიმთვრალის გემოს.
როცა სიზმრებს ნაკლოვანება გაეკარება,
მაშინ ვთხოვთ ჩვენს სულს გვენდოს."
ნეფერტიტი: გილოცავ ახალ წელს ლინდა.
---------------------------------------------------------------------------
თორნიკე: ნუ ტირი, ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ხომ გეუბნებოდი არ უნდა დარჩენილიყავი ამ კლინიკაში. გაინდგურე მომავალი.
სიუზი: შენ ხარ მომავალი, არ გესმის? არ შემეძლო დამეტოვებინე ამ კლინიკაში მარტო. ერთად ყველგან, სადაც არ უნდა იყოს.
თორნიკე: მიატოვე ყველა და ყველაფერი.
სიუზი: მე უფრო მყვარებიხარ, ვიდრე შენ.
თორნიკე: სისულელეებს ამბობ.
სიუზი: არაა სისულელე თოკო. ყოველთვის მე ვთმობ მეტს, ვიდრე შენ. ყოველთვის ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ ჩემგან თავის დაღწევას ცდილობ.
თორნიკე: სიუზ, სიუზ, გაჩერდი.
სიუზი: თავს მიტოვებულად ვგრძნობ.
და აუვარდა გოგოს ტირილი. თორნიკე ფანჯარასთან იდგა და ხმას არ იღებდა.
თორნიკე: ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ჩამეხუტე.
თორნიკე და სიუზი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მათი სითბო ჩაიღვარა სხვების გულებშიც.

გარეთ კი წვრილად თოვდა...

Sunday, December 18, 2011

კლინიკა "ბილის" არქივიდან. უცნობი ავტორის წერილი. ნაწილი 7

არსებულისა და არარსებულის გასაყარი.


ვგრძნობ როგორ ვსუნთქავ,
მე ცოცხალი ვარ.
ვგრძნობ როგორ მინდა, როგორ ვოცნებობ, როგორ ვფიქრობ.
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.
ვგრძნობ როგორ მცივა თბილ ოთახში.
ვგრძნობ როგორ მეძინება და არ მაძინებს ეს შეგრძნება.
უკვე გულს მირევს.
აირია ჩემი გრძნობები ერთმანეთში და ვერცერთს ვერ უპოვია თავისი თავი ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით.

სიძულვილი სიყვარულს ჩაბღაუჯებია და არ უშვებს. ისე გადაჯაჭვულან, რომ ერთმანეთს ვერ მოაცილებ. გაკვანძული და მოჭერილია კვანძი. შედეგად, ვერც სიყვარულს ამოუსუნთქია,  ვერც სიძულვილი არის თავის ნებაზე მიშვებული. ვერც ერთი ვერ არსებობს ისე, როგორც ეს თავად მათ სურთ. სიძულვილი არ აცლის სიყვარულს გაშლას, სიყვარული კი თავის მხრივ ვერ ატკბობს სიძულვილს. ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში. ეს არის ორი გრძნობა, რომელიც არასდროს შერიგდება, არასდროს შეეგუება ერთმანეთს. ყოველთვის იქნებიან ცალ-ცალკე, თავიანთი საკუთარი რწმენით გაჟღენთილები. ერთმანეთთან ასე ახლოს და ერთმანეთისგან ასე შორს.
სიყვარული: - ეხლა ხედავ როგორ მტკივა?
სიძულვილი: - აიტან!

ტკივილი, თავისი ფესვებით გარს შემოხვევია გულის გარსს. მთლიანად დაუფარავს მისი კანი. ტკივილი, გულის პატიმარი. გული, ციხე ტკივილისა, სადაც იგი იხდის სამუდამოდ მისჯილ სასჯელს.
ბაგ-ბუგ, ბაგ-ბუგ, წამზომივით. ჩვეულებრივზე ნელა გააქვს ბაგაბუგი გულს.
ბაგ-ბუგ, ტკივლი იბერება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი იბევრება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ბერდება.
ბაგ-ბუგ, ტკივილი ჭკნება.
ასე ბაგაბუგით, ასე წამზომივით, ასე ნელა-ნელა, ასე ჩუმად და ასე ზოზინით გადის წამები,  წუთები, საათები და მერე წლები და საუკუნეები. ტკივილი იგივე საკანში, იგივე კუთხეში ზის და უცდის როდის ჩამოკრავს სამუდამოს ზარი, რათა გათავისუფლდეს.


სიმარტოვე ყველასთან ჩახლართულია და ყველა გრძნობას უერთდება. სიყვარულიც, სიძულვილიც და ტკივილიც გრძნობს მას. სიმარტოვე მოიცავს ამ დროს. ყველა წამი მისია.


ვსრისავ, ვჭყლიტავ, ვზილავ გაქვავებულ სხეულის ნაწილს.
პეპლები დაფრინავენ მუცელში. ერთ-ერთი მათგანი, მუქი ლურჯი ფრთებით ამოფრინდა ყელამდე, აფახულებს ფარფლებს და მიღიტინებს. მეღიტინება. გაიჭედა პეპელა და ვეღარც უკან ჩადის, და ვერც ყელიდან ამოსვლას ახერხებს. აფახულებს უძლურად ფრთებს, დახმარებას ითხოვს დანამული თვალები. მე  მეღიტინება.
bubbles, bubbles, bubbles...
პეპელას ფრთები სულ დაუსველდა. ნერწყვში დამბალი ფრთები დამძიმდა და ჩასრიალდა უკან მუცლის ღრუში.
პეპელას ასაფლავებენ.

Wednesday, December 14, 2011

კლინიკა "ბილი" ნაწილი 6. ლექსო.

ლექსო იჯდა თავის ოთახში და ხატავდა რაღაცას. ხატავდა, მერე ჯღაბნიდა და ხევდა ფურცლებს.
ასე უამრავი დახეული ფურცლები ეყარა ძირს. ოთახის კედლებიც მოხატული ჰქონდა.
ყვითელ კედლებზე დახატული იყო ხეები, რომლებსაც უალამაზესი ტოტები ჰქონდა და ისინი სრულიად ახალ ნახატს ქმნიდნენ.
ლექსოს ერთი ნახატი რამოდენიმე ნახატს შეიცავდა. ზოგი რას ხედავდა, ზოგი რას.
დიახ, ლექსო არ შემდგარი მხატვარი გახლდათ.
ხატვა მისთვის იმხელა განტვირთვის საშუალება იყო, რომ ბევრ თერაპიის კურსს აჯობებდა.
ერთხელ პირადი ექიმი შევიდა ლექსოს ოთახში, როცა ყველა ერთად სადილობდა. ოთახში არავინ იყო. უჯრები გამოალაგა. ქურდივით ეძებდა ალმასს. და აი იპოვა, ბოლო უჯრაში, დიდ საქაღალდეში ჩადებული. ეს ალმასი ლექსოს ერთ-ერთი ნახატი იყო.
ექიმი ჩამოჯდა პაციენტის საწოლზე და უყურებდა ნახატს. ყოველ დეტალს კარგად აკვირდებოდა.  ნახატის არსის შეცნობა პაციენტის მკურნალობის მეთოდს წაეხმარებოდა. არ უნდოდა ლექსოს შემოესწრო, მარა ისე გაიტაცა ნახატმა, თვალს არ აშორებდა და დროის შეგრძნება დაკარგა.
რა ეხატა?
ნახატზე გამოსახული იყო დიდი კლდე, რომლის ნაპირზეც იდგა ახალგაზრდა მამაკაცი. კლდის პირის ქვეშ კი ხრამი იყო, უშველებელი ხრამი სიკვდილისა. ხრამი, რომელიც ბევრ სასაფლაოს მოიცავდა.
რამდენი ადამიანი შეუჭამია ამ ხრამს...
რამდენის სისხლი დაულევია...
რამდენის ცრემლიანი თვალები უნახავს...
რამდენის სასოწარკვეთილი მზერა...
რამდენი გული უნახავს გატეხილი...
 მოხუცი იყო ხრამი და უყურებდა ცხოვრების ყველა საშინელ მონაკვეთს. ყოველ დღე, ახალ-ახალი პიროვნებები მოდიოდნენ მასთან. ჩერდებოდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, მას მიანდობდნენ თავიანთ თავს, სიცოცხლეს...
ხრამს უნახავს სუსტი ადამიანებიც, ჭკვიანებიც.
უხაროდა როცა მასთან მოსული ადამიანი ფიქრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.
როცა იდგა ადამიანი, ფიქრობდა, ეკეტებოდა, სურვილი მოუვლიდა, ვეღარ აზროვნებდა და ამ დროს ეს ძაფი წყდებოდა და ან ხტებოდა, ან უკან იხევდა.
უნახავს ბევრი ისეთიც, რომელიც დროზე მიმხვდარა, რომ სისულელეს აკეთებს და სრულიად საღი გონებით დაბრუნებულან უკან.
უნახავს, თუ როგორ გადაარჩინა ერთმა ადამიანმა მეორე. კლდის პირას მისული გოგონა, როგორ გამოაცალა ბიჭმა ხრამის ხახას.
ბევრი რამ ენახა ხრამს.
ნახატში ეს ყველაფერი ასახული იყო. ისე დაეხატა ლექსოს ხრამი, რომ ამ ყველაფერზე ნახატი ყვებოდა.
კიდეზე იდგა ახალგაზრდა ვაჟი. თითები გადაეჯვარედინებინა. ისეთი ლამაზი თითები ჰქონდა, როგორიც ლექსოს. ექიმის თითებს ეძახის ზოგი. მთელი მომხიბლელობა ამ ნახატის,  ვაჟის გამომეტყველებაში იყო. მშვიდი სახე ჰქონდა, თუმცა იმდენ რამეს ამბობდა ეს სახე, მთელი მისი ცხოვრება სახეზე ეწერა.
ფეხები შორი შორს დაედგა, ფართო ჯინსი ეცვა, ბათინკები, რომელზეც ზონრები შეხსნოდა, თხელი მაისური,  რომელსაც ქარი უკან ქაჩავდა და შემოხევას ცდილობდა. თმა გაჩეჩვოდა და ხელები გაეშალა ძირს ჩამოშვებული ფრთებივით.
სახე საუცხოოდ მეტყველი ჰქონდა. გამოხატავდა ბევრ ემოციას. ასევე ერთმანეთის გამომრიცხავ გრძნობებს აღგიძრავდათ.
თვალებში შიში და სიმტკიცე ერთად გამოსჭვიოდა. რომ ჩაგხედათ მათში, წაგიყვანდათ შორს. ასეთ თვალებს ბევრი ვერ უყურებს. ალბათ ეშინიათ არ წაიყვანოს ისეთ ადგილას, საიდანაც უკან დაბრუნება გაუჭირდებათ. ხო, დიდი გამბედაობა უნდა რომ ჩახედო ასეთ თვალებს. მათში წაიკითხავდით ყველაფერს.
სასოწარკვეთა ყვიროდა მისი ქუთუთოებიდან და საშველად იხმობდა ვიღაცას.
ამ სამყაროში დაკარგულ ბავშვს გავდა ნახატზე გამოსახული ადამიანი. წამწამებზე წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა. წვიმდა მის თვალებზე. მისი თვალებიდანაც წვიმდა.
ის იყო ადამიანი, რომელსაც მეგობრები არ ჰყავდა.
ადამიანი, რომელსაც ფორმალური მშობლები ჰყავდა.
 ადამიანი, რომელიც სამყაროს გარეთ არსებობდა. სამყაროში, სადაც არ არსებობდნენ ადამიანები და მხოლოდ მისი ნახატებიდან გადმოსული პერსონაჯები დაიარებოდნენ.  ბიჭი მათ საკუთარ თავზე კარგად იცნობდა და მათთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა. პერსონაჟები, რომლის თითოეულ მათგანში მისი ნაწილი იმალებოდა, ნაწილი, რომელსაც ვერ იტანდა. ამის გამო არ ეკარებოდა არც ერთ მათგანს.
მისი სამყარო ფეხმძიმედ იყო, საიდანაც ყოველ დღე ახალ ახალი პერსონაჟები იჩეკებოდნენ. ახალ-ახალი ნაკლებით, ახალი დაავადებებით. კეთროვანები გეგონებოდათ, ისე ერიდებოდა მას კლდის კიდეზე მდგარი მამაკაცი.
იდგა იგი და იცოდა რა ადვილი იყო ერთ ნაბიჯში ყველაფერი დაემთავრებინა. გარდაიცვლებოდა ორსული სამყარო, მოკვდებოდნენ მისივე შექმნილი პერსონაჟები, სამუდამოდ დაიძინებდნენ მისი თვალები, შეაშრებოდა წვეთები წამწამებზე, დახუჭავდა თვალებს და არასოდეს, აღარასოდეს გაახელდა, რათა არ ენახა სამყარო, რომელშიც ფორმალურად იყო ჩაწერილი. სამყარო, რომელშიც შეცდომით მოხვდა.
ტვინი გაეყინა და თვალებით აზროვნებდა. თვალის გუგები სკლერას ზნიქავდა და მიიწევდა სიღრმეში. სუიციდის სურვილი იხმობდა იქ.
რა მრავალმნიშვნელოვანი სიტყვაა "იქ".
გადახტეს თუ არა? აი ეს კითხვა აისახებოდა მის სახეზე. ტუჩები გაფითრებოდა და გაშრობოდა. თითების შეხება რომ შეგძლებოდათ, ნახავდით რა ცივი იყო.
იდგა და თვალებით ზომავდა რა ექნა. გადაწყვეტილების არჩევის ზღვარზე იყო ნახატი დახატული.
 ექიმი ფიქრობდა და ვერ მიმხვდარიყო რას გადაწყვეტდა ნახატი ბიჭი. ყველაფერს ნათლად ხედავდა ექიმი ნახატზე. ბიჭის ფიქრებსაც კი. აი გადაწყვეტილებას კი  როგორს მიიღებდა კლდის პირზე მდგარი ვაჟი, ვერ მიმხვდარიყო.
ნახატს მეორე ნაწილიც უნდა ჰქონოდა. მეორე ნაწილი, რომელშიც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რას გააკეთებდა. მეორეში უკვე ნამოქმედარის შედეგი იქნებოდა. შედეგი, რომელიც არავინ იცოდა ნახატის ავტორის გარდა. ვერც მიხვდებოდით ვარაუდით, რადგან არავინ იცოდა რაზე ფიქრობდა ლექსო, რას გადაწყვეტდა იგი.
ნახატზე ხომ თვით ავტორი იყო გამოსახური არჩევaნის ზღვარზე.

Friday, December 2, 2011

კლინიკა "ბილი" mimi ნაწილი 5

ორი გახურებული შანთი ყელზე დაადო. დაეწვა, აეწვა...
მხურვალე ტუჩები კისერზე, ყელზე ჩამოაცურა და მკერდზე შეჩერდა.
მიმიმ ძლიერი მოქაჩვა იგრძნო და მაგრად მიეკრო მეორე სხეულს.
ორი სხეული ისე მიწებებოდა ერთმანეთს, თითქოს შეერწყაო და ერთ მთლიან სხეულად ქცეულიყო. სხეული, რომელსაც 2 გული, 2 სული და ორხმიანი სუნთქვა ჰქონდა. სხეული ნაზად და ნელა ირწეოდა, როგორც ნიავის დაბერვისას შეირხევა ტირიფის თხელი ფარდა. ხელის თითები ერთმანეთში გადახლართულიყო. მუცელი გაოფლილიყო და წვეთები ნამს მოგაგონებდათ. მიმის სხეულის სურნელი მამაკაცის სხეულის სუნს  შერეოდა და ერთად სულ სხვა სურნელებათ ქცეულიყო. მიმიმ დაკარგა ყველაფერი პირადი და ნაწილი გახდა მისი მეორე  ნახევრის. ფეხის თითები გაეყინა მიმის და მხოლოდ ახლაღა მოაგონდა, რომ საბანი გადახდოდა. მთელი ღამე წიოდა მიმის სხეული. წიოდა და ნამუსახდილი თავისი საკუთრების დაბრუნებას ითხოვდა. სხვისი არომატი შერჩენოდა ტუჩებს.
დიდხანს იდგა შხაპის ქვეშ და ცდილობდა მოეშორებინა ის სუნი, რომელიც სხვისგან ისესხა მისმა სხეულის ნაწილებმა. იდგა და ტანი დაწითლებოდა ამდენი ხეხვისგან. ტანი თბილი წყლითა და ცრემლებით დასველებოდა. იდგა გაშტერებული სანამ წყლის სიცივემ არ გამოაფხიზლა.
მიმის სციოდა, შიგნიდან კი სიმხურვალით იწვოდა. მისი სხეული ვერაფერს გრძნობდა.
იწვა მიმი და არც ეძინა არც ფხიზელი იყო. გაშტერებულმა გაატარა მთელი ღამე. შიგნიდან ეწვოდა, გული იწვოდა. ხმა ჩაესმოდა ყურებში: "გულის კარი გააღე, ხანძარია".
ფრაგმენტები უდგებოდა თვალწინ. უემოციოდ უყურებდა გასული დღის ნაწყვეტ ფრაგმენტებს: წივილი... კივილი... გახევა... ძალადობა ... ტირილი... ტკივილი... ძალის დაკარგვა... დანებება... გათიშვა... ძირს წოლა...
რა კარგად შეიძლება აღიწეროს ძალიან საშინელი რამ.
გალამაზება ყველაფრის შეიძლება.

მიმის ოთახში შეუტანა სადილი მედდამ. და კვლავ ისეთი გამოიტანა, როგორიც შეიტანა.
მიმი არ ჭამდა. ამან ძალიან გაახდუნა და დააუძლურა. ჭამდა იშვიათად და მხოლოდ ექიმის თანდასწრებით.
მედდა რომ გავიდა, მიმი საწოლიდან წამოდგა. ჩუმად ჩაიარა ოთახები და გიგას ოთახის ფანჯარასთან შეჩერდა.
გიგა რაღაცას წერდა ფურცელზე. არც იგი გასულა სადილზე.
მიმი ჩუმად უყურებდა გიგას.
წერას რომ მორჩა, გიგა სავარძელში მოკალათდა და ვიღაცას დაუწყო ლაპარაკი.
მიმი გაკვირვებული უყურებდა.
მერე დაბრუნდა ოთახში, კარი გადაკეტა და დაიწყო ცახცახი.
დაიწყო ბურტყუნი რაღაცის..
ხმას მოუმატა..
უკვე კიოდა, ხელებს იქნევდა და ვიღაცას აგდებდა..
ლანძღავდა და ძირს ვარდებოდა ამ უმისამართო ხელების რტყმით.
კიოდა და მთელ ენერგიას ამ ვიღაცის ცემაში ხარჯავდა. ბოლოს ღონემიხდილი ძირს ეცემოდა, ბურტყუნებდა რაღაცას და ბოლოს ეძინებოდა.
ყოველი გიგას მონახულების შემდეგ ასე ემართებოდა.
თუმცა, არავინ იცოდა მისი საიდუმლო თვალთვალის შესახებ.
გიგა იყო ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც მიმი ხედავდა.
იგი თვალყურს ადევნებდა ბიჭის ოთახში ყოფნას.
იცოდა მისი მეგობრის შესახებ. ბევრჯერ უნახავს, როგორ ელაპარაკებოდა კომპლიმენტის გოგოს.
ერთხელ, ასეთ დიალოგს მოჰკრა ყური:
გიგა: იცი მე სად ვარ?
კომპლიმენტის გოგო: ვიცი.
გიგა: არა, არ იცი. ეს საგიჟეთია. ყველას უბრალო კლინიკა ჰგონია. ელოდებიან როდის გააღწევენ აქედან. ის არ იციან, რომ აქ სამუდამოდ არიან გამოკეტილები. განკურნების შემდეგაც არ გავლენ.
გოგო: ვიცი, სამწუხაროდ ვიცი. თქვენი ერთ-ერთი პაციენტი განიკურნა და გაუშვეს. 3 დღეში დააბრუნეს. ამ კლინიკის გარეთ ვერ ძლებენ აქ მკვიდრები. შენ უკვე ამ კლინიკის მკვიდრი ხარ.
გიგა: ვიცი. ისიც ვიცი, რომ აქედან ვერ გავალ. კიდევ კარგი დედაჩემი დადის ხშირად და წერილებს მიგზავნის.
კომპლიმენტის გოგომ ნაღვლიანად გადახედა გიგას.
მხოლოდ მიმიმ იცოდა, რომ ყოველ დღე გიგა წერდა წერილებს დედის მაგივრად. თავისსავე წერილებს კითხულობდა და სჯეროდა, რომ ის დედამისის მოწერილი იყო. ძალიან იშვიათად აკითხავდა დედა. შეიძლება 3 თვე ისე გასულიყო, რომ დედამისს არ გახსენებოდა შვილი.
მხოლოდ მიმიმ იცოდა ეს და ამას თავის მხრივ განიცდიდა.

Sunday, November 27, 2011

ბილის საკუჭნაოდან. ნაწილი 4. გიგა.

-გიგასთან სტუმარია. გიგას ვიღაცის ხმა მოესმა.
ალბათ ახალი ექიმია, გაიფიქრა მან.

გოგო: გამარჯობა.
გიგა: ვინ ხარ?
გოგო: მომსალმებოდი მაინც...
გიგა: მინდა ვიცოდე ვინ ხარ, რათა სახელით მოგმართო.
გოგო: მე კომპლიმენტის გოგო ვარ.
გიგა: ახლა კი გამარჯობა კომპლიმენტის გოგო. :)
 იქნებ სტუმრობის მიზეზიც მითხრა?
ცოტა დრო გაქვს.
აქ ვიზიტის დრო შეზღუდულია.
გოგო: ვიცი. არ მეშინია მე.
გიგა: იქნებ თქვა აქ რამ მოგიყვანა?
გოგო: დედაშენი ნერვიულობს შენზე.
გიგა: დედა.. დე. და.. სადაა დედა?
გოგო: დაწყნარდი, სახლშია და შენთან წერილი გამომატანა.
გიგა: მომეცი სწრაფად..
ცოტა დრო გაქვს.
წერილი მომეცი...
კომლიმენტის გოგო დაღონდა. სევდიანად ჩაიყო ხელი ჯიბეში და პატარა კონვერტი ამოაცურა.
გიგამ ხელიდან გამოსტაცა და გაგლიჯა კონვერტი.
კომპლიმენტის გოგოს თვალები ჩაუწყლიანდა და შეიკავა ცრემლები.
-დრო ამოიწურა!  გაისმა ვიღაცის ხმა.
გოგონა ნელა წამოდგა. კაბა შეისწორა და ნაძალადევი ღიმილით შეხედა გიგას.
უსიტყვოდ გაბრუნდა. კარების ზღურბლს რომ მიაღწია ზურგიდან გიგას ხმა მოესმა.
- კომპლიმენტის გოგონა!
იგი შემობრუნდა.
- შენ ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა კომპლიმენტისთვის. ღიმილით უთხრა მან და კერებში გაუჩინარდა.

"ყოველ დილას ადრე ვდგები, შემოვდივარ შენს ოთახში და შენ იქ არ ხარ.
რამდენჯერ მიტირია შენს საწოლთან..
ყოველთვის ვამაყობდი შენით, კარგად სწავლობდი და ყოველთვის ნიჭიერი იყავი სკოლაში.
მერე კარგი კაცი დადექი და ოჯახს არჩენდი.
მიყვებოდი შენი გულის ტკივილს.
ერთად ვტიროდით და ერთად ვიცინოდით.
გახსოვს გოგონა რომ გამაცანი? შენი არჩევანი მომეწონა კარგი გოგო იყო. მერე თქვენს შორის რაღაც მოხდა და თქვენ დაშორდით. ერთად განვიცადეთ და შენთან ერთად მტკიოდა გული მეც.
დიდი ხარ უკვე. აღარაფერს აღარ მიყვები, შეიცვალე და უფრო ჩაიკეტე საკუთარ თავში. აღარ მენდობი, არაფერს არ მიზიარებ. რა დაგემართა ისიც კი არ აგიხსნია ჩემთვის. უცებ, ასე უცებ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. ადამიანი?არა, ჩემი შვილი.
 ჩემი ნაწილი, ჩემი სისხლი და ხორცი. არსება, რომელიც 9 თვე მუცლით ვატარე. ადამიანი, რომელიც პირველი მე მახარებდა ყოველ კარგ ნიშანს სკოლის მერე. ადამიანი, რომელსაც ნატკენ ფეხს ბინტით ვუხვევდი. ადამიანი, რომელიც ყოველი ძილის წინ მკოცნიდა და ძილი ნებისას მისურვებდა.
ო, როგორ მომენატრა შენთან ჩახუტება. შენი სითბო მომენატრა. შენი თვალები და შენთან ლაპარაკი მომენატრა.
გიგა მენატრები.
ჩემი შვილი მენატრება.
ჩამს ავადმყოფობას ნერვიულობაც ემატება, შენი მონატრება უფრო მისწრაფებს სიკვდილს.
ჩემი შვილი მინდა ჩემს გვერდით იყოს. გახსოვს გაციებული რომ იყავი როგორ გსიამოვნებდა ჩემი გაკეთებული ჩაი?
ერთად ვცეკვავდით და ერთად ვწუხდით.
ერთად ვცხოვრობდით, დედაც მე ვიყავი და მამაც.
უმამობას სულ ვერ გრძნობდი. ან გრძნობდი და ჩემთან არ ამჟღავნებდი.
ვიყავით ერთად და ვცოხრობდით ერთმანეთით.
მე შენით, შენ ჩემით.
მე შენ მიყვარდი, შენ მე გიყვარდი.
ახალც მიყვარხარ..
რა დაგემართა მერე?"
წერილი ასე მთავრდებოდა. გიგამ სამჯერ ზედიზედ გადაიკითხა წერილი. ცრემლები წამოუვიდა კითხვის დროს და ფურცელი სულ მთლად დაასველა.
ტიროდა გიგა და ცხოვრება აღარ უნდოდა. ხელები უცახცახებდა. უნდოდა ებღავლა და ვერ გაებედა. ყელში აწვებოდა ბოღმა, ცრემლების ნაკადი, ღრიალის სურვილი და იკავებდა.
როდის ჩაეძინა არ ახსოვს.. გაღვიძებულს წერილი დახვდა მაგიდაზე.
კონვერტი გახსნა და წაიკითხა:
"  ყოველ დილას ადრე ვდგები, შემოვდივარ შენს ოთახში და შენ იქ არ ხარ...
 ........... "

ბიჭი გაოგნებული იჯდა საწოლზე და ფიქრობდა. დიდხანს ფიქრობდა და ცდილობდა მიმხვდარიყო  როდის მოვიდა წერილი, ვინ იყო კომპლიმენტის გოგო და  იყო თუ არა საერთოდ. წერილი ფაქტი იყო და მართლა არსებობდა. ვინ იყო გოგონა? საიდან იცნობდა? დედამისს არავინ მომვლელი გოგონა არ ჰყოლია. წერილში ახსენებდა ასე რომ ყოფილიყო. ვინ იყო კომპლიმენტის გოგო? არსებობდა თუ არა ის?