Tuesday, April 26, 2011

The Very Fine Clock

ინგლისელი მწერლის მურიელ სპარკის ( ქალია) წიგნი მაჩუქეს, რომელშიც მისი ერთი novel და 9 short stories არის. ეს სიტყვები იმიტომ არ გადავთარგმნე, რომ ქართულად სხვანაირად ითარგმნება ნოველა. ვინც ინგლისური ცოტა მაინც იცის, ის მიხვდება განსხვავებებს.
ერთი პატარა მოთხრობა წავიკითხე და მომეწონა. ცოტა უცნაურად მეჩვენა თავიდან მარა არაფერია უჩვეულო. მოთხრობაა,რომლის აზრსაც ყველა მიხვდებით. არაა ღმად ჩაფიქრება საჭირო, რათა მიხვდეთ ავტორს რისი თქმა სურს. ამ მოთხრობას  "The Very Fine Clock" ჰქვია . ინგლისურიდან ვთარგმნე და წარმოგიდგენთ მას.

თარგმანი დიდად არ მეხერხება, რადგან არც პრაქტიკა და არც გამოცდილება მაქვს. სულ ერთხელ ვთარგმნე (იმასაც თუ თარგმნა ერქვა) ერთი წიგნიდან რამოდენიმე ფურცელი, რომელიც მეცნიერული წიგნი იყო და საკმაოდ გამიჭირდა (უკეთ რომ ვთქვათ ძალიან ცუდად ვთარგმნე). იქ თავისებური ტერმინები და სხვა სიძნელეები იყო.
აღარ გადავუხვევ თემას და წარმოგიდნგენთ ჩემს მიერ ნათარგმნ (ამ სიტყვებით როგორ ვამაყობ :D) მოთხრობას. იმედია არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ. მინდა წაკითხვის შემდეგ შეაფასოთ როგორც  მოთხრობის არსი, ასევე  თარგმანიც. შენიშვნებიც საინტერესო იქნება.

გონებამახვილი საათი, ანუ ტიკ ტოკ.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძალზედ გონებამახვილი საათი სახელად ტიკი.
მისმა მეგობარმა, პროფესორმა ჰორას ჯონ მორისმა, ჩამოიყვანა ის შვეიცარიიდან ზამთრის ერთ დღეს, მრავალი წლის წინ. მას მერე, ტიკი და პროფესორი ძალიან დაახლოვდნენ  და შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს.
  პროფესორ ჰორას ჯონ მორისს არ უყვარდა როდესაც მას „პროფესორ ჰორასს“ ეძახდნენ ამიტომ ტიკი მას „პროფესორ მორისით“ მიმართავდა თავიდან, შემდეგ კი „პროფესორ ჯონს“ ეძახდა, რომელიც ძალიან სიამოვნებდა თავად პროფესორს.
 ტიკი ყოველთვის იდგა ბუხრის გვერდზე მდგარ მაგიდაზე, რომელიც მისი საყვარელი ადგილი იყო. ყოველ ღამე, 11-ის  14 წუთზე, როდესაც პროფესორი ჯონი ამთავრებდა წერას საკუთარ მაგიდაზე, მივიდოდა ტიკისთან, დაქოქავდა და მიუყურადებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ტიკის გული კარგად ცემდა. შემდეგ ის  მაჯის საათს დააყენებდა ტიკის დროით და ქოქავდა სახლში არსებულ ყველა დანარჩენ საათს.
  „ ჩინებული საათი ხარ ტიკი ,“ უთხრა ერთხელ ღამით პროფესორმა. „ყოველთვის დროული ხარ, არც ძალიან სწრაფი და არც ძალიან ნელი. გარდა ამისა, შენ ყველაზე სანდო ხარ ჩემს  მეგობრებს შორის.“
  „მოხარული ვარ ამის მოსმენით პროფესორო ჯონ,“ ტიკიმ უპასუხა.  ვიცი, რომ ჩემი ბაბუა, რომელიც ავსტრიის ყველაზე მაღალი მთის წვერზე არსებულ კოშკში ცხოვრობს, იამაყებდა ამ სიტყვების გაგონებაზე.“
   „გულახდილად რომ გითხრა ტიკი,“ თქვა პროფესორმა ჯონიმ, „როგორც წესი, არ მხიბლავს ბაბუა საათები. ისინი ისეთი მაღლები არიან, რომ ვერავინ ვერ შეხედავს სახეში და ვერ დაინახავს რას ფიქრობენ ისინი. თუმცა შენი ბაბუა ალბათ განსაკუთრებული საათია, ყოველთვის კარგია როდესაც შენი წინაპარი ცხოვრობს კოშკში.“
  ყოველ ხუთშაბათ ღამეს, იმის ნაცვლად, რომ ყოველი საათის დაქოქვის შემდეგ პროფესორი დასაძინებლად წასულიყო, ის შუა ღამემდე არ იძინებდა და მის 4 მეგობარ სტუმარს იღებდა, რომლებიც მის სანახავად მოდიოდნენ. მათი სახელები იყო:
1. პროფესორი სტურჟ ბოლდვინ პარკერი.
2. პროფესორი ნორმან ბეილი.
3. პროფესორი რეიმონდ ოფენბაში.
4. პროფესორი მაქსიმილიან როზმინი.
ოთხივე პროფესორი ისეთივე ჭკვიანი და ცნობილი იყო, როგორც პროფესორი ჯონი. ისინი ყველა  კეთილგანწყობილნი იყვნენ ტიკის მიმართ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ის პროფესორ ჯონის ყველაზე საყვარელი და ყველაზე სანდო მეგობარი იყო.
 ტიკი აღფრთოვანებით უსმენდა ხუთშაბათობით 5 მოსაუბრე პროფესორს.
ისინი ისეთ საინტერესო თემებზე ლაპარაკობდნენ, როგორიცაა მთვარე და ვარსკვლევები და იმდენი რამ იცოდნენ მათზე,  ტიკი ფიქრობდა, იმდენი იციან თითქოს,  ნამყოფნი იყვნენ ცის ყველა პლანეტაზეო.
 ერთ ხუთშაბათ საღამოს, პროფესორმა ნორმან ბეილიმ, რომელიც ჩრდილოეთიდან იყო უთხრა ტიკის: „ტიკი შენ თვითონაც იცი, რომ  ყველა ჩვენგანზე უფრო ჭკვიანი ხარ.  შენ შეგიძლია გვითხრა ზუსტი დრო საათზე შეხედვის გარეშე.“
ყველა პროფესორი დაეთანხმა.
 „ვერც ერთი ჩვენგანი“ თქვა პროფესორმა ჯონიმ, „ვერ იქნება დარწმუნებული რა დროა საათზე შეხედვის გარეშე. მხოლოდ ვარაუდით თუ ვიტყვით. ტიკიმ კი ყოველთვის იცის.“
 ის აღტაცებით შესცქეროდა თავის მეგობარ ტიკის, რომელიც მის გვერდზე მაგიდაზე იდგა. (ტიკი იყო უბრალო მაგარი ხის  საათი მრგვალი თეთრი სახით და გრძელი შავი ისრებით.)
  ტიკიმ  თბილად გადაუხადა მადლობა პროფესორებს  კომპლიმენტისთვის და უთხრა რომ მისი ბაბუა იამაყებდა ეს რომ მოესმინა. მან დაამატა : „ მე ვერ შევინარჩუნებდი დროს ჩემი მეგობრის, პროფესორი ჯონის დახმარებისა და ყურადღების გარეშე, რომელიც ყოველ ღამე 11-ის 14 წუთზე მქოქავს.“
 „თუმცა,“ თქვა პროფესორმა სტურჟ ბოლდვინ პარკერმა, რომელიც ასევე ჩრდილოეთიდან იყო, „ შენ რომ არ იყო ტიკი, მაშ როგორ მიხვდებოდა პროფესორი ჯონი რომ 11-ის 14 წუთია?“
 ვერავინ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაშინ პროფესორმა მაქსიმილიან როზმინიმ, რომელიც სამხრეთიდან იყო თქვა, რომ მნიშვნელოვანი წინადადება უნდა შეეთავაზებინა.
 „მე გთავაზობთ,“ თქვა მან, „ რადგან ტიკი ისეთივე ჭკვიანია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, მას უნდა ვუწოდოთ პროფესორი ტიკი. მოვამზადოთ ფურცლები ხვალისთვის, რომელზეც ყველანი მოვაწერთ ხელს და ტიკი გახდება ერთ-ერთი პროფესორი.“
 დანარჩენმა ოთხმა პროფესორმა ერთხმად აღიარა, რომ ეს შესანიშნავი აზრია და პროფესორმა რეიმონდ ოფენბაშმა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყო, ტაში შემოჰკრა შეძახილით: „ბრავო პროფესორ ტიკის.“
 ამის შემდეგ, ტიკიმ წარმოსთქვა სიტყვა.
„ ძალიან ბედნიერი ვარ ამ შემოთავაზებით და დარწმუნებული ვარ, რომ ბაბუაჩემიც ასეთივე გახარებული იქნებოდა, თუმცა მშიშობ, რომ ამით მე დავკარგავ მეგობრობას სახლის დანარჩენ საათებთან.
 იცით, როცა დილით პროფესორი ჯონი მიდის უნივერსიტეტში სამუშაოდ, როცა სახლში სისუფთავე  სუფევს, სიჩუმე ისადგურებს ოთახებს შორის, მხოლოდ საათების ხმა არღვევს ამ იდილიას. ეს ის წუთებია, როცა ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებით და ჩვენი ცხოვრების ამბებს ვუამბობთ ერთმანეთს.
 „ ზევით და ქვევით, ჩვენ ერთმანეთს ტიკ-ტაკ გზავნილებს  დიდი სისწრაფითა და მქუხარე ხმით ვუგზავნით.
 „სამზარეულოს საათი ენას ვერ აჩერებს და ხალისიანად ჭორაობს მაღალ ხმაზე.
 „ყველაზე მეტად მიყვარს პეპიტა, საძინებლის ობოლი ესპანური სადაფის საათი. განსაკუთუთრებით მაშინ, როცა მისი „გულის ცემა“ ჩერდება.
 „ პროფესორებო,  ერთი ძველი გამონათქვამი არსებობს, რომელიც ბაბუაჩემმა მითხრა: „ გული გულთან უბნობსო“ და ეს ჩვენთან, ამ სახლში, მართლაც ასეა.
 „ასე რომ, ჩემო ძვირფასო პროფესორებო, უარი უნდა ვთქვა ამ წინადადებაზე. ჩემი ამხანაგი საათები ისე ვეღარ შემომხედავენ, როგორც აქამდე მიყურებდნენ. ისინი იფიქრებენ, რომ მე დიდებული გავხდი მაშინ, როდესაც მე მათი წრიდან გარიყულად  ვიგრძნობ თავს. გთხოვთ უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ.“
  როდესაც პროფესორებმა მოუსმინეს ტიკის, მათ აღიარეს, რომ ახლა უფრო ეთაყვანებოდნენ ტიკის, ვიდრე ოდესმე.
 „ტიკი,“ მიმართა პროფესორმა ჯონიმ, „ყოველთვის ვიცოდი რომ ჩინებული საათი იყავი, ახლა კი, უფრო გაფასებ.
 „მართალია სხვა საათები ისეთი კარგი დროის მაჩვენებელი საათები არ არიან როგორიც შენ ხარ, მაგრამ მაინც სულგრძელი საქციელია შენი მხრიდან პროფესორის ტუტულზე უარის თქმა და მათი გულისთვის უბრალო საათად დარჩენა.“
 პროფესორმა მაქსიმილიან როზმინიმ ტაში შემოჰკრა ამ სიტყვებზე, დანარჩენმა ოთხმა პროფესორმა კი თავი დაუკრა.
 ტიკიმ გაიღიმა და ხელების მოძრაობით შუაღამე ამცნო. როცა ოთხი პროფესორი ადგა წასასვლელად, მან  გაიფიქრა, „ რატომ არ იცის მომხიბვლელმა სადაფის ობოლმა საათმა, პეპიტამ სიტყვა „პროფესორის“ წარმოთქმა? მას მხოლოდ ტიკ, ტიკ, ტიკის თქმა შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში ის მიყვება: ტიკ, ტიკ, ტიკ.
 
Muriel Spark
თარგმნა ია დარასელიამ.






No comments:

Post a Comment